მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება“ – აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი საქართველოს პოტენციალზე

6433f3e8d7a37
ელენე კვანჭილაშვილი
11.04.23 09:30
547
„ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. 12 წინაპირობა უკვე არსებობს“ – ასე უპასუხა აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, საგარეო ვაჭრობის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა არუნ ვენკატარამანმა „ანალიტიკა“-ს ავტორისა და წამყვანის კითხვას – რას უნდა აკეთებდეს ამ მომენტში საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ აითვისოს ყველა ის შესაძლებლობა, რაც რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე, დიდ გეოპოლიტიკურ გადალაგებას მოჰყვება ჩვენი ქვეყნისთვის და რამაც შესაძლოა საქართველო მართლა აქციოს ლოგისტიკის ჰაბად და არა მხოლოდ – სატრანზიტო ქვეყნად.

არუნ ვენკატარამანის აზრით, 12 წინაპირობა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთვის შეიმუშავა, შექმნილ ვითარებაში სრულიად კონკრეტული სამოქმედო გეგმაა, რომლის შესრულებაც საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვან სასიკეთო ძვრებს მოუტანს, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და საბოლოო ჯამში – ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ერთად ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან, რომ ეს 12 წინაპირობა შესრულდეს“, – აღნიშნა არუნ ვენკატარამანმა.

აშშ–ის საგარეო სამსახურის გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ 12 წინაპირობით გათვალისწინებული რეფორმების გატარება, საქართველოს მიმართ ამერიკის კერძო სექტორის მხრიდან არსებული ინტერესის უკვე არსებულ მყარ ფუნდამენტს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს და მას ახალ რეალობას დააშენებს.

„მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ როგორც კი საქართველო გადადგამს ამ 12 წინაპირობის შესრულებისკენ ნაბიჯებს, თქვენ დაინახავთ ამ ინტერესის ზრდას ამერიკის ბიზნესის მხრიდან“ – განაცხადა არუნ ვენკატარამანმა.

ვიზიტის ფარგლებში ვენკატარამანი შეხვდა ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს, საქართველოს შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, გაესაუბრა SABIT-ის კურსდამთავრებულებს, დაესწრო SelectUSA ბიზნეს იდეების კონკურსს და შეხვდა ამერიკის სავაჭრო პალატას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები