მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა Megaspeed-ი და Alibaba-ს შვილობილი კომპანია შავ სიაში შეიყვანა

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა Nvidia-ს პარტნიორი Megaspeed-ი და Alibaba-ს სინგაპურული შვილობილი კომპანია, Apex Enterprise Solutions-ი, სავაჭრო შავ სიაში შეიყვანა. უწყებამ სანქცირებულთა ნუსხას სინგაპურში, მალაიზიასა და ტაილანდში რეგისტრირებული კიდევ ექვსი დაკავშირებული კომპანიაც დაამატა.

როგორც ირკვევა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ Megaspeed-ს ამერიკული პროდუქციის მისაღებად ვაჭრობის დეპარტამენტის სპეციალური ნებართვა დასჭირდება, რომელზეც მაღალი ალბათობით უარს მიიღებს, რადგან აშშ-ის ხელისუფლება 2024 წლიდან Megaspeed-ის მიერ ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შესაძლო გადამისამართების საქმეს იძიებს და მას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის დეპარტამენტის ამ ნაბიჯს წინ კანონმდებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების მწვავე კრიტიკა უძღოდა. 13 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა უწყება Megaspeed-ის შავ სიაში შეყვანის გაჭიანურების გამო საჯაროდ გააკრიტიკა. რესპუბლიკელმა სენატორმა პიტ რიკეტსმა კი სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნა, რომ დეპარტამენტმა კონგრესს ამ პროცესის გაჭიანურების მიზეზი უნდა აუხსნას.

თავის მხრივ, Alibaba-მ შვილობილი კომპანიის სანქცირება შეცდომად შეაფასა და განაცხადა, რომ Apex-ს აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვებს დაქვემდებარებული ჩიპები არასდროს გადაუმისამართებია. ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტში ასევე აღნიშნეს, რომ საკუთარი უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ.

რაც შეეხება Megaspeed-ს, ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში დაახლოებით ორი კვირის წინ მოექცა, როდესაც Nvidia-ს ხელმძღვანელ ჯენსენ ჰუანგსა და Megaspeed-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ ელის ჰუანგს შორის არსებული რომანის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ხელისუფლება ელის ჰუანგს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები