თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველ საჯარო განცხადებაში Nvidia-ს თანადამფუძნებელმა ჯენსენ ჰუანგმა აღნიშნა, რომ დირექტორთა საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნებისთვის მზად არის.
ჰუანგის თქმით, გასულ კვირას წასვლის შემდეგ მას დაბრუნების თხოვნით არაერთმა ადამიანმა მიმართა. ამასთან, იგი პირად ცხოვრებაში დაშვებული სერიოზული შეცდომების გამო დირექტორთა საბჭოს წინაშე შექმნილ პრობლემებს ნანობს.
63 წლის ბიზნესმენმა ასევე აღნიშნა, რომ საბჭოს მიერ დაწყებულ დამოუკიდებელ გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს და თუ დირექტორთა საბჭო მის დაბრუნებას კომპანიისა და აშშ-ის ინტერესებისთვის საჭიროდ ჩათვლის, ხელმძღვანელის პოსტს სიამოვნებით დაიკავებს.
თავად კომპანიის დირექტორთა საბჭო ჰუანგის თანამდებობაზე აღდგენის საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავს. ამავდროულად, ჰუანგის დაბრუნების მოთხოვნით შექმნილმა პეტიციამ უკვე თითქმის 200,000 ხელმოწერა შეაგროვა, რომელთაგან დაახლოებით 10,000 Nvidia-ს მოქმედ თანამშრომლებს ეკუთვნით.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰუანგმა "დიდი გაკვეთილი ისწავლა" და ის მის თანამდებობაზე აღდგენას არ შეეწინააღმდეგება.
ამის საპირისპიროდ, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი ჰუანგის დაბრუნებას ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკების გამო ეწინააღმდეგება.
1 დეკემბერს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კონგრესის სამი კომიტეტის წინაშე დახურულ კარს მიღმა გამოკითხვაზე უნდა წარდგეს.
ცნობისთვის, ჯენსენ ჰუანგმა მის მიერ სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ დაფუძნებული კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი გასულ ხუთშაბათს დატოვა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მედიაში გავრცელებული ცნობები ქორწინების მიღმა რამდენიმე ურთიერთობის შესახებ, მათ შორის - Nvidia-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელ კიმბერლი პაუელთან და ჩინელ ბიზნესმენ ელის ჰუანგთან, რომელსაც აშშ-ის დაზვერვა ჩინეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილად მიიჩნევდა.
























