მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვემხრობით საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნას" - "გახარია საქართველოსთვის"

გახარია

სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებსა და “აგარის ქარხნის” თანამშრომლებს, ვემხრობით საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნას, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს. პარტია აცხადებს, რომ მზაობას გამოთქვამს "ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის ამ კრიტიკულ ვითარებებში საჯარო ინტერესის და თითოეული თანამშრომლის ღირსებისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად".

"ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები ბევრი მიმართულებით. ამის მაგალითია ტყიბულში, ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება, რაც კონკრეტულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს მძიმე სოციალური რისკების ქვეშ აყენებს. ასევე, მასობრივად გაიფიცნენ “აგარის შაქრის” თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით.

სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და წესრიგის მოშლა სწორედ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე აისახება. როდესაც პარტიული, კორუფციული ბიზნესინტერესები არ ექვემდებარება საჯარო თუ სახელმწიფო ანგარიშვალდებულების პრინციპს, კატასტროფული სოციალური წნეხი აშკარა ხდება.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებსა და “აგარის ქარხნის” თანამშრომლებს, ვემხრობით საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნას და მზაობას ვაცხადებთ ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის ამ კრიტიკულ ვითარებებში საჯარო ინტერესის და თითოეული თანამშრომლის ღირსებისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად", - წერია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, "აგარის შაქრის" ქარხნის დასაქმებულები გაიფიცნენ და კომპანიისგან დაპირებულ მე-13 ხელფასსა და პრემიებს ითხოვდნენ, რომლითაც კონსერვაციის პერიოდში თავი გააქვთ. ისინი აცხადებენ, რომ გაფიცვას მოთხოვნების დაკმაყოფილებისთანავე შეწყვეტენ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები