მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვემსახურებით მომავალ თაობას და მათ წარმატებას" - რას სთავაზობს JBS სკოლა მოსწავლეებს?

ლევან ახვლედიანი

"JBS სკოლის" დამფუძნებელი ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ სკოლა გარდა აკადემიური მიმართულებისა, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მოსწავლეების ფიზიკურ ჯანმრთელობასა და მენტალურ განვითარებაზე. მან სკოლის კონცეფციაზე "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

ლევან ახვლედიანის თქმით, ჯანო ბაგრატიონის მემკვიდრეობით შთაგონებული საგანმანათლებლო სივრცე ჰოლისტური განათლების თანამედროვე მოდელს ამკვიდრებს.

"ჩემი მეუღლის ბაბუა იყო ჯანო ბაგრატიონი. ის მოღვაწეობდა არა მარტო სპორტში, არამედ ზოგადად საზოგადოებრივი მოღვაწე იყო. მის საპატივსაცემოდ გადავწყვიტეთ, რომ დაგვერქმია სახელი - "ჯანო ბაგრატიონის სკოლა" (JBS). ორი წელია ვემზადებით სკოლის გაშვებისთვის, 2024 წლის აპრილში დაიწყო პროცესი და დიდი შრომა გავწიეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის ტროი ფილმანთან, რომელიც ჩვენი აკადემიური დირექტორია, ასევე საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად. სკოლაში ჩაიდო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია, იმიტომ რომ ვემსახურებით მომავალ თაობას და მათ წარმატებას. ახლა ისეთი კონკურენციაა უკვე მსოფლიოში ბავშვებს შორის ზოგადადაც წარმატების მიღწევისთვის, ისეთი დახუნძლული არის ტექნოლოგიით, რომ მარტო აკადემიური მიღწევები საკმარისი აღარ არის. ამიტომ ბევრი უნარები გჭირდება და ბევრი რამის შესაძლებლობა, რომ წარმატებას მიაღწიო. ჩვენი მოდელი ზოგადად დაფუძნებული არის ჰოლისტურ განათლებაზე, რომელიც სამ მიმართულებას ავითარებს თანაბრად ფოკუსირებით: ეს არის განათლება, ანუ აკადემიური მიმართულება და ინტელექტის განვითარება; ეს არის ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობა და ბავშვის ემოციური და მენტალური განვითარება. დადგენილია უკვე ბევრი კვლევით, რომ თუ ბავშვი ფიზიკურად ჯანმრთელია, აკადემიურად უკეთესი შედეგები აქვს, თუ მენტალურად ემოციურად განვითარებულია და ასე ვთქვათ აღიქვამს გარშემო გარემოს უკეთესად და შეუძლია თავისი ემოციების მართვა, ეს ასევე აისახება დამატებით უკეთეს შედეგებზე აკადემიურ ნაწილში და არა მარტო - ზოგადად ცხოვრებაში. მისია გვაქვს, რომ ისეთი უნარები ვასწავლოთ ბავშვებს და ისე შევუწყოთ ხელი მათ განვითარებას, რომ უფრო კონკურენტულები იყვნენ და მართლა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც მათ შეეძლებათ იმ უნარების შესწავლა, რაც დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში არა მარტო უნივერსიტეტის დონეზე მერე მომავალში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში.

ფიზიკური ჯანმრთელობა ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია და ეს გვაქვს ჩაშლილი ძალიან დეტალურ პროგრამაში. კეთილდღეობის პროგრამა ხუთი საფეხურისგან შედგება. მათ შორის არის ნუტრიცია, ანუ სწორი კვება, ნერვული სისტემის რეგულირების ცოდნა სუნთქვით, სხვადასხვა აქტივობებია, ეს არის ფიზიკური დატვირთვა, ანუ სპორტი, რაც მორგებულია მათ ასაკზე. ასევე მნიშვნელოვანია აღდგენა, რომ ბავშვმა დღის მანძილზე დაისვენოს. ბავშვებს ძალიან უჭირთ სკამზე დიდხანს ჯდომა და გადაბმული 5-6 გაკვეთილი. ჩვენთან არცერთი ბავშვი ორ გაკვეთილზე მეტი ზედიზედ არ ზის, მერე ან ფიზიკურ აქტივობას გააკეთებს, ან სპორტით იქნება დაკავებული, ან კრეატიული აქტივობით. ამიტომ დღე გახანგრძლივებული გამოდის, დილის ცხრიდან საღამოს ექვსამდე ბავშვები ჩვენთან არიან, რომ ეს ციკლი სრულად გაიარონ თავის STEM აქტივობებით და ასე შემდეგ",- აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.

როგორც სკოლის დამფუძნებელი ამბობს, სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს ქართული ატესტატის გარდა ამერიკული დიპლომის და IB დიპლომის მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.

"ზოგ შემთხვევაში ან ერთის გაკეთება, ან ორის, ან სამივეს ერთად შეუძლიათ ისე ვგეგმავთ პროცესის წარმართვას.

ჩვენ გვინდა, რომ ქართულის ცოდნა და ინგლისურის ცოდნა გათანაბრებული იყოს მე-12 კლასს რომ დაამთავრებს ბავშვი",- აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.

მისივე ინფორმაციით, სკოლა მოსწავლეების მიღებას წელს იწყებს.

"დაფუძნებული ვართ ჩხაიძის ქუჩაზე. წელს ვიღებთ პრესქულს და პირველ კლასს. გამოცხადებული ღია კარის დღეები - 22 აპრილს და 2 მაისს. დამატებითი ინფორმაცია მშობლებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს jbschool.ge-ზე და იქვე დარეგისტრირდეს ღია კარის დღეზე, ველოდებით დაინტერესებულ ადამიანებს. უკვე დარეგისტრირდა სხვათა შორის ბევრი ადამიანი",- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები