მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვემზადებით, რომ 4-ვე სეზონზე აქტიურად მივიღოთ დამსვენებლები" - "ფორთოხლები"

სამტრედია

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში ტურისტული ობიექტი "ფორთოხლები" დამსვენებლებისთვის 1 კვირის წინ ამოქმედდა. როგორც ობიექტის დირექტორი, ლაშა ულარჯიშვილი BM.GE-სთან აცხადებს, "ფორთოხლებში" განთავსებისთვის ტურისტების მხრიდან მოთხოვნა უკვე არსებობს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების მხრიდან.

"წლევანდელი სეზონი ჩვენთვის კვლავ სატესტოა, ჯერ ახლა შევდივართ ბაზარზე. მოთხოვნა არის და ძალიან გვახარებს, რომ სხვადასხვა კატეგორიის სტუმრები გვყავს, როგორც ადგილობრივი დამსვენებლები, ასევე თბილისიდანაც ჩამოდიან საკმაოდ დიდი რაოდენობით და უცხოეთიდანაც. დატვირთულობა უფრო მეტი უქმე დღეებშია, თუმცა კვირის დღეებშიც გვაქვს საკმაო სტუმრიანობა როგორც ღია აუზზე, ასევე კოტეჯებსა და სარესტორნო სივრცეებში. მაგალითად, ამ კვირისა და შემდეგი კვირის უქმეები 100%-ით დაჯავშნილია, ერთი ადგილიც არ გვაქვს.

რაც შეეხება კორპორაციულ სივრცეებს, "ფორთოხლებმა" შარშან, ასევე სატესტო რეჟიმში, მხოლოდ ერთი თვით იმუშავა, შესაბამისად, ღონისძიებებისთვის სრული დატვირთვით არ გვიმუშავია. თუმცა უკვე გვქონდა რამდენიმე კერძო ღონისძიება და ამის მოთხოვნაც არსებობს", - აღნიშნავს ულარჯიშვილი.

მისი თქმით, 1 კვირის განმავლობაში, რეზორტს უკვე ეწვივნენ სტუმრები იაპონიიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან და საფრანგეთიდან.

"ფორთოხლების" ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის 4 კოტეჯია განთავსებული. ობიექტი გაფართოებასაც გეგმავს, რის შემდეგაც სტუმრებს წლის განმავლობაში მიიღებს.

"სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ერთ ან ორ სართულიანი შენობა დავდგათ, რომელშიც სასტუმროს ნომრები იქნება განთავსებული, ლობისთან, საკონფერენციო დარბაზთან და ბიბლიოთეკასთან ერთად. ამ შენობაში განთავსდება სოციალური სივრცეებიც.

ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნისკენ, რომ ოთხსეზონიან რეზორტად ვიქცეთ. ამ ეტაპზე სრულად შეგვიძლია ავითვისოთ გაზაფხულის ბოლო, ზაფხული, შემოდგომის დასაწყისი. გვინდა, რომ ყოველწლიურად გავზარდოთ სეზონის ხანგრძლივობა და როდესაც ეს შენობაც დაგვემატება, შევძლებთ, ზამთარშიც აქტიურად მივიღოთ დამსვენებლები", - ამბობს "ფორთოხლების" დირექტორი.

სტუმრებს რეზორტის ტერიტორიაზე, კოტეჯებთან და ღია აუზთან ერთად, ფორთოხლების პლანტაციის ნახვაც შეუძლიათ. ულარჯიშვილი აღნიშნავს, რომ მცენარის სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ, ფორთოხლის ადგილობრივ ბაზარზე გატანაც იგეგმება, ხოლო შემდგომ საექსპორტო ბაზრების ათვისებაც.

"ჩვენი ფორთოხლის პლანტაცია გაცილებით დიდია, ვიდრე შიდა მოხმარებისთვისაა საჭირო. თუმცა ჯერ მცენარე ახალგაზრდაა და რამდენიმე წელიწადში შევა სრულ მოსავლიანობაში. ამის შემდეგ დავიწყებთ რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტზეც ვიფიქრებთ, კომერციული შემოსავალი კი ჯერ არ მიგვიღია", - აღნიშნავს ულარჯიშვილი.

განთავსების ფასებზე საუბრისას ულარჯიშვილი აღნიშნავს, რომ ნომრების ღირებულება საშუალო საფასო კატეგორიას მიეკუთვნება და ცვალებადია ოთახის ტიპის მიხედვით.

"ფორთოხლები" ამჟამად 20 ადამიანს ასაქმებს. კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ ობიექტისთვის კადრების მოძიება გამოწვევასთანაა დაკავშირებული: "ჩვენთან დასაქმებულთა 95% ადგილობრივი მცხოვრებია, რაც გამოწვევასთან ერთად ჩვენი უპირატესობაცაა, რადგან სოფლისა და რეგიონის განვითარებას ვუწყობთ ხელს და ახალ სამუშაო ადგილებს ვქმნით, მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივი მთავრობა, კერძოდ კი სამტრედიის მერია, გვერდში უდგას ჩვენს ობიექტს და მხარს გვიჭერს, რეგიონში ცნობადობის ამაღლებისა თუ სხვა საჭიროებების კუთხით".

"ფორთოხლები" სრულად ეკომეგობრული სივრცეა, რომლის ელექტროენერგიის მოხმარების 100% მზის პანელებისგან გენერირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები