ვენაში მყოფი "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის, თურქეთის, ტაჯიკეთის, უნგრეთის და ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს ცალ-ცალკე შეხვდა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ბოჭორიშვილმა ვენაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც, მან ორმხრივი შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან. "მინისტრებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთის ურთიერთობათა დღის წესრიგში არსებული საკითხები და დიალოგის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. აქცენტი გაკეთდა ბოლო დროის განვითარებებზე", - წერია საგარეო უწყების პრესრელიზში.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანთან შეხვედრისას კი, "ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით".
ხოლო ტაჯიკ კოლეგასთან შეხვედრაზე, "კმაყოფილებით აღინიშნა, 2025 წლის განმავლობაში საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ვაჭრობის პოზიტიური დინამიკა".
მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელსაც, - "შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-სლოვაკეთის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ასევე ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების პრიორიტეტულობას. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაში არსებული პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგი".
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლუქსემბურგელ კოლეგასთან "შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და უსაფრთხოების გამოწვევებს".
რაც შეეხება ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრას, საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით.
„საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია და რუსეთი კვლავ აგრძელებს არალეგალურ სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ოკუპაციის შედეგები მძიმეა: ეთნიკური წმენდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, წამებისა და მკვლელობის ტრაგიკული შემთხვევები და ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც ათწლეულებია იმედით ელიან საკუთარ სახლებში დაბრუნებას.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკაზე და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს.
მაკა ბოჭორიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გააძლიერა ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას არ იცავს არანაირი კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების და პროცესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიები მიმდინარეობს.
„საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებით, ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ჩვენი სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო მტკიცედ განაგრძობს მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას და მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან საერთაშორისო სამართლის აღსრულების, სუვერენიტეტის დაცვის და სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.“
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ეუთო-ს პრინციპებისადმი.




























