გასული წლის მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ინფლაციასთან გასამკლავებლად, ვენესუელამ კიდევ ერთი ახალი ვალუტა წარადგინა, რომელსაც 6-ით ნაკლები ნული ექნება. ვენესუელური ვალუტის, ბოლივარის, ყველაზე მაღალი ნომინალი ადრე 1 000 000 ბოლივარის კუპიურა იყო, რომლის ღირებულებაც ამჟამად $0.25-ს უდრის. ამიერიდან კი აღნიშნული კუპიურა 1 ბოლივარის ნომინალი გახდება.
ახალი კუპიურა სახელმწიფომ პარასკევს წარადგინა. ყველაზე მაღალი ნომინალი ამიერიდან 100 ვენესუელური ბოლივარი იქნება, რომლის ღირებულებაც $25-ზე ნაკლებს შეადგენს. ვენესუელის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ახალი კუპიურის წარდგენა არ განაპირობებს ვალუტის გამყარებას ან გაუფასურებას, არამედ მისი მიზანი კუპიურის უფრო მცირე მასშტაბით გამოყენების ხელშეწყობაა.
ცვლილება მიზნად ისახავს ფულადი ტრანზაქციებისა და ბუღალტრული ოპერაციების გამარტივებას, რასაც მნიშვნელოვნად ართულებდა უამრავი ნული კუპიურებზე. ქვეყანაში არსებულმა ძლიერმა ინფლაციამ კერძო ბანკები იძულებული გახადა, ფიზიკური პირების მიერ ყოველდღიურად გასანაღდებელი თანხის რაოდენობა შეეზღუდათ. გარდა ამისა, ამ ქმედებებმა მოქალაქეები აიძულა, გადახდის მეთოდად გამოეყენებინათ ან ამერიკული დოლარი, ან გადახდის ელექტრონული საშუალებები.
შეგახსენებთ, რომ ათწლეულების განმავლობაში ნავთობის ფასის დაცემისა და წარმოების შემცირების ფონზე ვენესუელის მთლიანი შიდა პროდუქტი 2013 წლიდან 80%-ით შემცირდა. აღნიშნული კრიზისის გამომწვევ მთავარ მიზეზებს შორის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ინვესტიციების ნაკლებობა სახელდება.
ვენესუელურმა ვალუტამ 2012 წლიდან საკუთარი ღირებულება თითქმის სრულად დაკარგა. ქვეყნის სტატისტიკის სამსახური ინფლაციის მონაცემებს უკვე აღარ აქვეყნებს.
Forbes.ge