ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნავთობინდუსტრიის გიგანტს, Chevron-ს ვენესუელაში საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცა. გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ტრამპისა და მადუროს ხელისუფლებებმა პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამერიკის 10 დაკავებული მოქალაქის სანაცვლოდ, ტრამპის მოკავშირე ნაიიბ ბუკელემ სალვადორის ციხიდან 250 ვენესუელელი გაუშვა.
აღსანიშნავია, რომ Chevron-ისთვის აღდგენილი ლიცენზია მკაცრად გაკონტროლდება და მადუროს ხელისუფლებას ნავთობის მოპოვებით პირდაპირი სარგებლის მიღების საშუალება არ ექნება. მართალია, Chevron-ი ნავთობს ვენესუელურ სახელმწიფო კომპანიასთან თანამშრომლობით ამოიღებს, თუმცა თანხა, რომელსაც ადგილობრივი ნავთობმომპოვებელი მიიღებს, მთლიანად Chevron-ის ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას მოხმარდება.
ცნობისთვის, ლიცენზიის გაუქმებამდე ამერიკული კომპანია ვენესუელაში ყოველდღიურად 240,000 ბარელ ნავთობს მოიპოვებდა. რაც შეეხება თავად შეზღუდვის დაწესებას, ის აპრილში გამოცხადდა და მადუროს ხელისუფლების არადემოკრატიულ ნაბიჯებთან იყო დაკავშირებული.




























