4 იანვარს პაპმა ლეონ XIV-მ განაცხადა, რომ აშშ-ის ოპერაციის შედეგად ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დამხობის შემდეგ, მთავარი პრიორიტეტი ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა უნდა იყოს, ხოლო ქვეყნის სუვერენიტეტი – სრულად გარანტირებული.
ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე „ანგელოზის ლოცვის“ დასრულების შემდეგ, პირველმა ამერიკელმა პაპმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ „საყვარელი ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს“.
პაპის თქმით, მიმდინარე პროცესებმა უნდა დაძლიოს ძალადობა და შედეგად ქვეყანამ უნდა დაადგეს „სამართლიანობისა და მშვიდობის გზას“.
მისივე განმარტებით, აუცილებელია ვენესუელის სუვერენიტეტის გარანტირება, კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქის ადამიანის და სამოქალაქო უფლებების პატივისცემა, ასევე თანამშრომლობაზე, სტაბილურობასა და ჰარმონიაზე დაფუძნებული მშვიდობიანი მომავლის აშენება. პაპმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უღარიბეს ფენებზე, რომლებიც მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო განსაკუთრებით ზარალდებიან.
პაპის განცხადება კარაკასში ნიკოლას მადუროს დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ გაკეთდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაიწყებს „ვენესუელის მართვას და მისი ნავთობის მარაგების გამოყენებას“.
ვენესუელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის დაკავების შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს, დელსი როდრიგესს დაეკისრა.
აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ვენესუელაში დაგმეს რუსეთმა და ირანმა, ხოლო ჩინეთმა დაკავებული პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა აშშ-ის ეს ნაბიჯი „სახიფათო პრეცედენტად“ შეაფასა.
ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 5 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის მოწვევაც კოლუმბიამ რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ „წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი იერიში ვენესუელასა და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და თვითმფრინავით ქვეყნიდან გაიყვანეს“. მისი თქმით, ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით განხორციელდა.




























