ვენესუელასთან დაკავშირებული ნავთობტანკერის ქართველი კაპიტანი, რომელიც აშშ-მ ამ თვეში დააკავა, ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გაიყვანეს და ამჟამად აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე იმყოფება. Reuters წერს, რომ ამის შესახებ სამშაბათს კაპიტნის მეუღლის ადვოკატმა განაცხადა.
აშშ-ის სანაპირო დაცვამ და აშშ-ის სამხედრო სპეცრაზმმა, სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, 7 იანვარს, ისლანდიის მახლობლად, ატლანტის ოკეანეში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი Marinera დააკავა, რის შემდეგაც ტანკერი შოტლანდიის სანაპიროსთან ახლოს გადაიყვანეს.
ადვოკატის ცნობით, მათი გაძევების შეჩერების სამართლებრივი მცდელობების მიუხედავად, ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე და გემის პირველი ოფიცერი შოტლანდიის იურისდიქციიდან აშშ-ის სანაპირო დაცვის გემ „მუნროში“ გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, ორშაბათს, შოტლანდიის სასამართლომ გამოსცა დროებითი ბრძანება, რომელიც კაპიტნის გაძევებას კრძალავდა მისი დაკავების სასამართლო გადახედვის მოლოდინში, თუმცა ბრძანება სამშაბათს დილით ადრე გაუქმდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ გაიგო, რომ კალანდაძე უკვე ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების გარეთ იმყოფებოდა, რასაც ადვოკატი "გატაცებას" უწოდებს. მისი განცხადებით, ეკიპაჟის დანარჩენი 26 წევრი ინვერნესში, ბრიტანეთის არმიის ცენტრში გადაიყვანეს. ხუთმა მათგანმა შეერთებულ შტატებში გამგზავრება აირჩია, დანარჩენებმა კი მშობლიურ ქვეყნებში მოგზაურობის ალტერნატიული ვარიანტები.
ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლების მოთხოვნით, პროცედურები შესაბამისი იმიგრაციისა და სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდებოდა.
გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აშშ-სგან ეკიპაჟის წევრების გათავისუფლებას ელოდა, რომელთა შორის, მისი თქმით, ორი რუსი, ასევე უკრაინელი, ქართველი და ინდოელი იყვნენ.
არსებული ინფორმაციით, 2026 წლის 7 იანვარს დაკავებული ტანკერის Marinera ეკიპაჟის შემადგენლობაში სულ 28 მეზღვაური იმყოფება, მათ შორის 6 საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი გემის კაპიტანია. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 8 იანვრის განცხადებით, მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირება და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება.




























