ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, მარია კორინა მაჩადომ, ჰიუსტონში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენცია CERAWeek-ზე გამოსვლისას ქვეყნის ნავთობისა და გაზის სექტორის სრული პრივატიზაციის გეგმა წარადგინა.
მაჩადოს განცხადებით, სახელმწიფო კომპანია PDVSA „კრიმინალურ ორგანიზაციად“ იქცა, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფომ გვერდზე გაიწიოს და გზა კერძო ინვესტიციებს დაუთმოს. ოპოზიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ ვენესუელაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოსამზადებლად მინიმუმ ცხრა თვე იქნება საჭირო. მისი ჩატარების შემდეგ კი ქვეყანამ მიზნად საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა და კანონის უზენაესობაზე უზრუნველყოფა უნდა დაისახოს მიზნად.
მაჩადოს აზრით, მომავალში სახელმწიფოს როლი მხოლოდ მკაცრი რეგულაციებითა და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით უნდა შემოიფარგლოს. მისი პროგნოზით, ვენესუელას დღეში 5 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობის მოპოვება შეუძლია, თუმცა ამისათვის მომდევნო ათწლეულში $150 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო. შედარებისთვის, ამჟამად ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში უდიდეს, 300 მილიარდი ბარელის დადასტურებულ მარაგებს ფლობს, დღეში მხოლოდ 1 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს, რაც წლების განმავლობაში არსებული კორუფციისა და არასწორი მართვის შედეგია.
აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების აუცილებლობაზე პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობს. მან უკვე არაერთხელ სცადა, ამერიკული კომპანიები ვენესუელაში დაბრუნებაზე დაეთანხმებინა, თუმცა ინდუსტრიის გიგანტები, როგორებიც Exxon Mobil-ი და ConocoPhillips-ი არიან, კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ConocoPhillips-ის აღმასრულებელი დირექტორის, რაიან ლანსის განცხადებით, კომპანია ინვესტირებას მანამ არ აპირებს, სანამ ვენესუელა 2007 წელს ჩამორთმეული აქტივების სანაცვლოდ დაგროვილ $12-მილიარდიან ვალს არ დაფარავს. აღსანიშნავია, რომ ინვესტორები არა მხოლოდ ფიზიკურ უსაფრთხოებას, არამედ პოლიტიკურ სტაბილურობასა და საკონტრაქტო გარანტიებსაც ითხოვენ. ეს გარანტიები კი უნდა გასცენ როგორც ვენესუელამ, ისე აშშ-მა.




























