მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერ ახსნეს, რა განსხვავებაა ყაზბეგში რომ შემოდის ჩვეულებრივი საზღვრიდან რუსი ტურისტი და როცა კრუიზით შემოდის ბათუმში - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

პრემიერი
30.07.24 00:20
828

ვერ ახსნეს, რა განსხვავებაა ყაზბეგში რომ შემოდის ჩვეულებრივი საზღვრიდან რუსი ტურისტი და როცა კრუიზით შემოდის ბათუმში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მათი მხრიდან რიტორიკის შეცვლა აღიარებაა, ვინაიდან, უყურებენ კვლევებს და ხედავენ, რომ ხელისუფლებას გასული ორი წლის განმავლობაში გატარებული პრაგმატული პოლიტიკის გამო ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს.

"გახსოვთ, რამხელა აგრესია მოჰყვა, როცა რუსეთის გადაწყვეტილებით ფრენები აღდგა - ეს მათი გადაწყვეტილება იყო, ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში არ ჩავრეულვართ; გახსოვთ იგივე ბათუმში როცა ჩამოდგა გემი, რომელსაც გადაჰყავდა კრუიზის მონაწილე ტურისტები, რამხელა აგრესიით შეხვდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. ვერაფრით ვერ ახსნეს და დღემდე ვერ ახსნიან, რა განსხვავებაა მაგალითად, ყაზბეგში რომ შემოდის ჩვეულებრივი საზღვრიდან რუსი ტურისტი და როცა კრუიზით შემოდის ბათუმში რუსი ტურისტი. ამხელა ნონსენსთან გვაქვს ხოლმე საქმე. დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ რაც მეტი ტურისტი შემოვა რუსეთიდან, მით უკეთესი, რაც მეტს ვივაჭრებთ რუსეთთან, მით უკეთესი, რაც მეტი ეკონომიკური ურთიერთობა იქნება, მით უკეთესი, ეს ყველაფერი ფრენებზეც ვრცელდება.

მშვიდობის შენარჩუნება, რაც არის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, არის ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ გაგვეზარდა რეიტინგი. მეორე - ეკონომიკური წინსვლა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ გვაქვს ისტორიულად ყველაზე მაღალი რეიტინგი დღევანდელ დღეს და უნდათ, ამ მესიჯებს, უხეშად რომ ვთქვათ, დააჯდნენ, თუმცა, რეალურად ამ ყველაფერს წარმატება ვერ ექნება, ვინაიდან შეგვიძლია, ძალიან მარტივად ამოვიღოთ არქივი, რომლითაც დასტურდება, რომ ორი წლის განმავლობაში ისინი სრულიად საპირისპიროს ლაპარაკობდნენ. არ შეიძლება, ორი წელი ლაპარაკობდე ერთს და შემდეგ სცადო ერთ დღეში ამ ყველაფრის შეცვლა. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამ ყველაფერს სათანადო შეფასებას მისცემს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები