საბანკო ასოციაციაში დეველოპერული სექტორში დაკრეტიდებასთან დაკავშირებით საფრთხეს ვერ ხედავენ. ამის შესახებ ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან უპასუხა კითხვას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაზე, რომ სწრაფად მზარდი დაკრედიტება გარკვეულ სეგმენტებში, მათ შორის დეველოპერული მიმართულებით, ფინანსური სტაბილურობისთვის რისკის ზრდის და ზედამხედველობის გამკაცრებაა საჭირო. ალექსანდრე ძნელაძის თქმით, ამ მიმართულებით პირიქით, რეგულაციები მკაცრია და შესაძლოა შემსუბუქდეს კიდევ.
"ამ თვალსაზრისით პირიქით გვაქვს პრობლემა, რომ იმდენად მკაცრი არის რეგულაციები დეველოპერების კუთხით, რომ შეიძლება შემსუბუქებაც კი ვიხილოთ. ამ თვალსაზრისით ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ მსუბუქი არის მოთხოვნები ან რეგულაციები სამშენებლო სექტორისთვის. კი, რა თქმა უნდა არის პერიოდები, როდესაც აქტიურდება ეს სექტორი. მაგალითისთვის რომ გითხრათ, პანდემიის შემდგომ პერიოდში ძალიან გააქტიურდა იმიტომ რომ წინა პერიოდში იყო საკმაოდ შენელებული მოთხოვნა. დღეის მდგომარეობითაც პერიოდზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ამ თვალსაზრისით მე დღეს საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა აღნიშნული რეკომენდაციები აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ყურადღებას მივაქცევთ ამას, მაგრამ დღეის მდგომარეობით, მგონია, რომ არ დგას დღის წესრიგში რაიმე პრობლემის წინაპირობა.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს იყო მოლოდინები, რომ უძრავი ქონების ფასთან მიმართებაში შესაძლებელი იყო გარკვეული დაკორექტირება, მაგრამ როგორც ნახეთ არ მომხდარა აღნიშნული მიმართულებით რაიმე და დღეს ეს დღის წესრიგში არ დგას",- თქვა ალექსანდრე ძნელაძემ.




























