მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერ ვიტყოდით, რომ უძრავ ქონებაზე ფასების კლების მოლოდინი გვაქვს - მარიამ ასათიანი

თბილისი

RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი და დირექტორი მარიამ ასათიანი ამბობს, რომ მიმდინარე წელს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების კლებას არ ელის, ვინაიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

როგორც მან უძრავი ქონების კვირეულზე ჟურნალისტებთან განაცხადა, ბაზარი ძალიან აქტიურია.

"მოგეხსენებათ, ფასები ინარჩუნებს იმ მომატებულ ნიშნულს, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სახეზე გვქონდა. ამის მიუხედავად, ბაზარი აქტიურია როგორც საინვესტიციო, ასევე საცხოვრებელი მიმართულებით.

ვერ ვიტყოდით, რომ მოლოდინი გვაქვს ფასების კლების. ვიცი, ბევრი ელოდება ამ სიტყვებს უძრავი ქონების პროფესიონალებისგან, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ჯერ კიდევ აკმაყოფილებს მიწოდების სეგმენტში ის პროექტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი. ვფიქრობ, სტაბილური იქნება ეს წელიწადი ფასების მხრივ“,- აღნიშნა მარიამ ასათიანმა.

რაც შეეხება ინვესტიციებს, მისი თქმით, რეგიონიდან და არა მხოლოდ, უძრავი ქონების საინვესტიციო პროექტებზე ინტერესი ძალიან მაღალია.

„რაც ჩვენს გარშემო ხდება პოლიტიკურად, ეს როგორც წესი ტურიზმის სექტორს აზიანებს, მაგრამ უძრავი ქონების სექტორს პირიქით, აქტიურს ხდის. შესაბამისად, ჩვენს გარშემო რეგიონიდან უძრავი ქონების საინვესტიციო პროექტებზე ძალიან მაღალია ინტერესი. რასაკვირველია, ძალიან პოზიტიურად მოქმედებს, რომ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის გაკეთებას. ამის გარდა, ბინის შეძენის, სტაბილურად დასაყრდენის თვალსაზრისით უყურებენ ჩვენს ბაზარს. ამიტომ, გვაქვს მომართვიანობა ისრაელის ინვესტორებისგანაც და კერძო მოქალაქეებისგანაც. ისრაელიდან ადრეც იყო მოთხოვნა ამ მიმართულებით და ახლა კიდევ უფრო იზრდება. აზერბაიჯანიდან დიდია მოთხოვნა, სომხეთიდან არის მოთხოვნა და ზოგადად, ჩვენი კომპანია საერთაშორისოა და 110 ბაზარზეა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა საკმაოდ კარგი ინტერესი, არა მხოლოდ ჩვენი რეგიონიდან, ევროპიდან, ამერიკიდან და კანადიდანაც კი“,- აღნიშნა RE/MAX Capital-ის დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, "ექსპო ჯორჯია" უძრავი ქონების კვირეულს მასპინძლობს. სამშენებლო მასალების და უძრავი ქონების 3-დღიანი გამოფენა და საერთაშორისო ფორუმი დღეს გაიხსნა. ორგანიზატორები 3 დღის განმავლობაში სტუმრებს 40 სხვა და სხვა ქვეყნიდან 220-მდე კომპანიას და მათ შეთავაზებებს ახვედრებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები