"ოპოზიციის უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილია", - ამის შესახებ კომპანია BRANDING.GE-ის დამფუძნებელმა და მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ლევან კობერიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს მოსახლეობის ინფორმირება და ქვეყანაში არსებული პრობლემების განმარტება, რაც ასე არ ხდება. კობერიძე ამის მიზეზებსაც ასახელებს.
„ოპოზიციის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მოსახლეობას მკაფიოდ განუმარტოს პროცესები, და დაანახვოს რეალური სურათი, ამას ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში არ და ვერ აკეთებს, ვინაიდან ოპოზიციის უმრავლესობა არის ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილი, ზოგი ალბათ დაფინანსებით, ზოგი კი თავისი პირადი პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული“, - ამბობს ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძე და კითხვას - როგორ უნდა მოახდინონ ოპოზიციურმა პარტიებმა სწორი ბრენდინგი, შემდეგნაირად პასუხობს:
„იმისთვის, რომ ბრენდინგი მოხდეს, ჯერ სწორი პროდუქტი უნდა არსებობდეს. პროდუქტში პოლიტიკურ პერსონას და პარტიას ვგულისხმობ და მის ბრენდინგს“.
ამასთან, როგორც კობერიძე მიიჩნევს, ოპოზიციას არ აქვს იმის პროფესიონალიზმი, უნარი ან კიდევ სურვილი და შესაძლოა, შესაძლებლობები, რომ დღის წესრიგში დააბრუნოს ის საკითხები, რაც ყველაზე მთავარია.
„ოპოზიციაში ვერ ვხედავ ლიდერებს სტრატეგიული ხედვით. მაგალითად, გიორგი გახარიას პარტია, რომელიც ყველაზე მეტად ცდილობს ილაპარაკოს ეკონომიკაზე, ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე ვერ ისაუბრებს, ვინაიდან გახარია პრემიერ-მინისტრი იყო, როცა მე კითხვებს ვუსვამდი იმაზე, რომ მაგალითად, ყალბი დღგ-ს აქტივები რატომ არ ბრუნდებოდა, ის იყო ამ დროს პრემიერი და ახლა როგორ უნდა ილაპარაკოს ამაზე? კონცენტრირებულად არ საუბრობენ, ადამიანებს არ აჩვენებენ, რა არის რეალური პრობლემა. შედიან "ქართული ოცნების" ნარატივში და მედიაეთერებში ინტრიგებს მიაქვს დრო“, - განაცხადა ლევან კობერიძემ გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას.