მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვერ ვმოძრაობთ იმხელა თხრილებია" - რა ხდება ბაკურიანში შიდა გზებზე?

ბაკურიანი

ბაკურიანის მოსახლეობა გადათხრილი ქუჩების შედეგად შექმნილ დისკომფორტზე ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ავრცელებს. ისინი აცხადებენ, რომ წყლის და წყალანირების სისტემის რეაბილიტაციის გამო, გზების აყრა მათ გადაადგილებას აფერხებს.

„ფიზიკურად ვერ ვმოძრაობთ იმხელა თხრილებია”; “ზაფხულის სეზონს მერამდენჯერ უნდა შევხვდეთ გადათხრილი გზებით? ბაკურიანში სულ გზის პრობლემა როგორ უნდა იყოს და საფეხმავლო ნაწილის არარსებობა”; “9 აპრილის ქუჩაზე ხალხს მანქანები აღარ უვარგა”, - წერენ ადგილობრივები.

Bm.ge საკითხის გასარკვევად ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დაუკავშირდა, რომლის ხელმძღვანელის ეკატერინე ორჯონიკიძის თქმით, მთლიანად იცვლება ბაკურიანის შიდასაკომუნიკაციო ქსელი, რაც რთული პროცესია, ეს კი როგორც ადგილობრივებისთვის, ისე დამსვენებლებისთვის არაკომფორტულია.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს სამუშაოები სეზონისთვის ცენტრალურ ქუჩებზე შევაჩეროთ და კონტრაქტორებმა მუშაობა მხოლოდ ჩიხებში გააგრძელონ, ხოლო სექტემბრიდან ისევ განაახლონ. ამჟამად წრიულის და ცენტრალური გზების მოხრეშვა/მოსწორება მიმდინარეობს, რათა ნაკლები დისკომფორტი იყოს, თუმცა ამ ვითარებას ამ სეზონზე ვერ გავექცევით“, - განაცხადა მან bm.ge-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, ბაკურიანში დამსვენებელი არ არის ჩასული, რაც მეტწილად ცივმა ამინდმა განაპირობა, თუმცა აქტიურ ნაკადებს 15 ივლისიდან ელოდებიან.

„ცენტრალური პარკი გამწვანებულია და მზადაა დამსვენებლების მისაღებად. ასევე, უკვე ჩართულია საბაგირო. დღეიდან, 4 ივლისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტიც აახლებს მუშაობას“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, უკვე მეორე წელია ბაკურიანში ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოებს ასრულებს. სისტემების მოწყობის პროექტირება-მშენებლობაზე სამი ხელშეკრულება 2024 წლის დასაწყისში გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ნინო ნაროზაშვილმა და კონტრაქტორი კომპანიების - შპს „ინსის" გენერალურმა დირექტორმა ზვიად თოიძემ, შპს „გზას" დირექტორმა მალხაზ დუმბაძემ და შპს „ელ ჯორჯიას" დირექტორმა დიმიტრი კუპატაძემ. შპს „ელ ჯორჯიასთან" ხელმოწერილი პროექტი სახელმწიფო პროგრამა "მშენებლობა განვადებით"-ის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტების ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ახალი ქსელის, მაგისტრალური მილების, რეზერვუარების, წყლის სათავე და გამწმენდი ნაგებობების, ასევე სატუმბი სადგურის მოწყობა. დამატებით დაგეგმილია გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია-გაფართოება და წყალარინების ქსელის მშენებლობა. აღნიშნული პროექტები სამ ლოტად მიმდინარეობს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით - ჯამში 150 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

პროექტის დასრულების ვადად 2026 წლის ბოლოა განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები