მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვერ ხერხდება ყველა იმ ფაბრიკის კონტროლი, რომელთა წარმოებული კვერცხიც ბაზარზე ხვდება“ - უჩუმბეგაშვილი

63d27e940d54c
თინათინ ნატმელაძე
26.01.23 17:39
504
მეწარმეებისთვის კვერცხის საწარმოების ავტორიზაცია 2025 წლიდან სავალდებულო გახდება, მთავრობის ახალი დადგენილებით, წესის შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო აიღებს.

რა იცის ბიზნესმა ავტორიზაციაზე და რამდენად საჭიროა მწარმოებელი ფაბრიკების კონტროლი, ამის შესახებ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ რეგულაციის ამოქმედება აუცილებელია, რადგან ბაზარზე ძალიან ბევრი მცირე საწარმო გამოჩნდა, რომლებიც ვერანაირ წესს და ვალდებულებას ვერ იცავენ.

„რა თქმა უნდა, ეს რეგულაცია უნდა ამოქმედდეს, ჩვენ ამას დიდი ხანია ვითხოვთ, ვინაიდან ძალიან მომრავლდა პატარა საწარმოები, რომლებიც ვერანაირ წესს და ვალდებულებას ვერ იცავენ. დადგენილებაში წერია, რომ თითოეულ საწარმოს კონკრეტული ნომერი უნდა მიენიჭოს, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ადგილზე უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც ნაწარმის ხარისხს გააკონტროლებს, რადგან კვერცხი ძალიან მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია.

როდესაც არის ორი ფაბრიკა, ერთი შედარებით დიდი, მეორე კი მცირე ზომის, ორივე მათგანის ნაწარმი ხვდება ბაზარზე, ერთი მათგანის პროდუქციიდან სრულად დაცულია მოსახლეობა, მეორედან კი არა.“ - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

მისივე ცნობით, საწარმოების კონტროლი ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ეპიდემიების თავიდან აცილებისთვის, როგორიც მაგალითად ფრინველის გრიპია.

„ჯერჯერობით საქართველოში ჯანსაღი სიტუაციაა, თუმცა გარშემო ძალიან ცუდი ვირუსული ფონია, აზერბაიჯანში და ირანში დაფიქსირებულია ფრინველის გრიპი. ამიტომ აუცილებელია კონტროლი, თუ წარმოებას, რომელიც კვერცხს აწარმოებს არ ჰყავს ვეტერინარი, არაა შემოწმებული საკვები, რომლითაც ქათამი იკვებება, არ ხდება ქათმების ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, პრობლემები შეიქმნება. სურსათის ეროვნული სააგენტო ამას აკონტროლებს, თუმცა, იმდენად ბევრი საოჯახო წარმოება მომრავლდა, რომ კონტროლი შეუძლებელი ხდება.“ - განმარტავს უჩუმბეგაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები