საქართველოს ექსპორტში ევროკავშირის წილი ათწლიან მინიმუმზეა. 2024 წლის 10 თვეში საქართველოდან ევროკავშირში სულ 456 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა. ეს თანხა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 155 მილიონი დოლარით, ანუ 25%-ით ნაკლებია. შემცირების შედეგად, საქართველოს მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 10%-ს ჩამოსცდა და 8.4% შეადგინა, მაშინ როცა დსთ-ს წევრი ქვეყნების წილი 68%-ს აჭარბებს.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ მისი მეზობელი ქვეყნები მთავარი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა ქვეყნის გაზრდილ ექსპორტს ყირგიზეთში, ყაზახეთსა და რუსეთში, ხოლო შემცირებულ გაყიდვებს ევროკავშირში.
"გავიხედოთ რა რეგიონში ვმოღვაწეობთ და რა რეგიონშია საქართველო. ვერავინ გეოგრაფიას ვერ დააიგნორებს, ჩვენ ვართ ამ რეგიონში და ლოგიკურია რომ ზოგიერთი ჩვენი მეზობელი უშუალო თუ ცოტა შორეული მეზობელი ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ამაში განსაკუთრებული არაფერია. აქ მთავარი არის ის რომ მათ შორის ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან ჩვენ წლიდან - წლამდე სავაჭრო ბრუნვას ვზრდით, ეს პროცესი გაგრძელდება. მთავარი იმპორტ-ექსპორტიორი ჯამში არის ევროკავშირი და თურქეთი. საიდანღაც შემოიტან, საიდანღაც კი გაიტან ეს ცოცხალი პროცესია, რაღაცები შეიძლება შეიცვალოს. ჩვენი მთავარი მოტივაციაა რომ მათ შორის ევროკავშირთან და აშშ-თან გრძელვადიან პერსპექტივაში გავაღრმაოთ ურთიერთობა. რომელიღაც წელს გამო, რომელიღაცას ნაკლებად გამოვა, მაგრამ საერთო მიდგომა ასეთია", - ამბობს მახაშვილი.
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნის უმსხვილესი
სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 636.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 061.5 მლნ. აშშ
დოლარი) და აშშ (1 728.3 მლნ. აშშ დოლარი).