მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერცერთი მერი ვეღარ გაბედავს, ნაგავსაყრელი თავისი გემოვნების მიხედვით მოაწყოს – მაია ბითაძე

6167d60bc9b29
სალომე მეცხვარიშვილი
14.10.21 12:20
1952
ვერცერთი მერი ვეღარ გაბედავს, ნაგავსაყრელი თავისი გემოვნების და შეხედულებების მიხედვით მოაწყოს,– ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმდჯომარე მაია ბითაძე აცხადებს. როგორც ის bm.ge–ს უყვება, ლილოს ნაგავსაყრელი წლების წინ არასწორად აშენდა, დარღვეულია მისი ექსპლოატაციის წესებიც, რის გამოც ნაგავსაყრელი დღეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

მაია ბითაძე ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში რამდენიმე ნაგავსაყრელის მშენებლობა მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერებულია. ის ამბობს, რომ ეს სწორი და ბუნებრივი პროცესია, რადგანაც წინა წლებში ნაგავსაყრელების განთავსებაზე გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღებოდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებს კი დღემდე ვიმკით.

“მთავარია, მოეწყოს თანამედროვე ტიპის ნაგავსაყრელები და არა ისეთი, როგორიც თბილისის ერთ-ერთმა მერმა ააშენა, რომელიც დღესაც ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის. დღეს ობიექტის ექსპლოატაციისას ვლინდება მთელი რიგი გარემოსდაცვითი პრობლემები, რომლის მოგვარებას თბილისის მერია EBRD-თან ერთად გეგმავს. თბილისს ალტერნატიული ნაგავსაყრელი არ აქვს, ანუ მისი ფუნქციონირება ვერ შეწყდება და პარალელურ რეჟიმში უნდა გამოსწორდეს სიტუაცია, რასაც დიდი ფულადი რესურსი მიაქვს. დღეს ვერცერთი მერი ვეღარ გაბედავს, ნაგავსაყრელი თავისი გემოვნების და შეხედულებების მიხედვით მოაწყოს”,– აცხადებს მაია ბითაძე.

კომიტეტის თავმდჯომარე ადასტურებს, რომ მოსახლეობის პროტესტის გამო ქვეყანაში რამდენიმე ნაგავსაყრელის მოწყობა რეგიონებში დროში გაჭიანურდა, რადგანაც მოქალაქეებს ჰქონდათ შენიშვნები მის ადგილმდებარეობასთნ დაკავშირებით. საუბარია მსხვილ რეგიონულ ნაგავსაყრელებზე, რომელთა მშენებლობა იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში იგეგმება.

“არის შემთხვევები, როცა მოსახლეობა უარს ამბობს, მათ მიმდებარედ აშენდეს ნაგავსაყრელი. მათ აქვთ დისკომფორტი, ამიტომ გზშ-ში(გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში) ყოველთვის არის ნაგავსაყრელის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი. დიახ, ეს პროცესები ხშირად იწვევს პროექტის განხორციელების დროში გაჭიანურებას. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ტრაგედია არ არის. მოსახლეობის უარი სახელმწიფსოთვის არის განმაპირობებელი, რომ ნაგავსაყრელის ტერიტორია შეცვალოს– ეს ყველაფერი არის იმის მაჩვენებელი, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი მოსახლეობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ისინი ერთვებიან პროცესებში”,– აცხადებს მაია ბითაძე.

მისი თქმით, მსგავს პროექტებზე მოსახლეობასთან კომუნიკაცია ევალება როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე მყარი ნარჩენების კომპანიას და ადგილობრივ თვითმმართველობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები