თბილისის მერია აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანის გამზირზე ავტობუსის ზოლების მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, დიდი დიღმიდან გამოსვლა ჭირს, ამიტომაც საჭიროა, გარკვეული ღონისძიებები.
„დიდი დიღმიდან გამოსვლა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, ისე არის გადატვირთულ აღმაშენებლის ხეივანი, პრობლემა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას გარკვეულწილად ხელი შევუწყოთ, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი საცობში, აუცილებელია აღმაშენებლის ხეივანზე საავტობუსე ზოლები მოეწყოს. გელოვანზეც არის ამის საჭიროება. ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სხდომაზე მერმა დაავალა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები, ხოლო შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ.
შეგახსენებთ, თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, დიდი დიღომი, შესაძლოა, ქალაქის ცენტრს ტრამვაით დაუკავშირდეს. დოკუმენტში საუბარია რამდენიმე ალტერნატიულ სცენარზე, რომლითაც დიდი დიღმის ცენტრალურ უბნებთან დაკავშირების გეგმები არსებობს. კვლევის მიხედვით, ამ მიმართულებით სატრანსპორტო კვანძების განვითარება აუცილებელია, რადგანაც მოსალოდნელია, რომ 2042 წლამდე დიდი დიღმის მოსახლეობა 54.6%-ით გაიზრდება.