თბილისის მერია აღმაშენებლის ხეივანზე ავტობუსის ზოლების მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, დიდი დიღმიდან გამოსვლა ჭირს, ამიტომაც საჭიროა, გარკვეული ღონისძიებები.
„დიდი დიღმიდან გამოსვლა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, ისე არის გადატვირთულ აღმაშენებლის ხეივანი, პრობლემა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას გარკვეულწილად ხელი შევუწყოთ, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი საცობში, აუცილებელია აღმაშენებლის ხეივანზე საავტობუსე ზოლები მოეწყოს. გელოვანზეც არის ამის საჭიროება. ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სხდომაზე მერმა დაავალა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები, ხოლო შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ.
„მესმის, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა დროა, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით. თუ საჭირო იქნება დამატებით ექსპერტების აყვანა, მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები, ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. დღესაც მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით მუშაობენ ადამიანები, გვყავს საერთაშორისო კომპანიები და აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, დიდი დიღომი, შესაძლოა, ქალაქის ცენტრს ტრამვაით დაუკავშირდეს.
80-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის არის საჭირო. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის მოამზადა დანიურმა საკონსულტაციო კომპანია "რამბოლმა", აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
დოკუმენტში საუბარია რამდენიმე ალტერნატიულ სცენარზე, რომლითაც დიდი დიღმის ცენტრალურ უბნებთან დაკავშირების გეგმები არსებობს. კვლევის მიხედვით, ამ მიმართულებით სატრანსპორტო კვანძების განვითარება აუცილებელია, რადგანაც მოსალოდნელია, რომ 2042 წლამდე დიდი დიღმის მოსახლეობა 54.6%-ით გაიზრდება.