"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შოვის სტიქიისას ვერტმფრენების გამოყენება საჭირო არ იყო. მისივე თქმით, მაშველები დრონების საშუალებით ახერხებდნენ ყველა საჭირო ოპერაციის ჩატარებას.
"როცა საუბარია ვერტმფრენებზე ღამის ხედვის საშუალებით აქ არ არის საუბარი მაინც და მაინც პროჟექტორებზე - არის სპეციალური აპარატურა, რომელიც დამონტაჟებულია ვერტმფრენში, რომელიც უბრალოდ ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა, იმავეს გაკეთება შეუძლია დრონს.
ვერტმფრენი თავისი ხედვის აპარატურით მნიშვნელოვანია, როცა საჭიროა იდენტიფიცირება და მყისიერად ამ იდენტიფიცირებული ობიექტის მყისიერად გამოყვანა.
გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია მანამდეც სრულად დათვალიერებული იყო დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იყო და ვერტმფრენების ჩართვას დამატებითი საფუძველი არ ჰქონდა", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. მან ადგილიდან სტიქიის გამო განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა და განმარტა, რატომ დააგვიანეს ვერტმფრენებმა სამ აგვისტოს შოვში. მან თქვა, რომ ვერტმფრენები ნაყიდია და სავარაუდოდ მარტში უნდა ჩამოვიდეს.