უცხოური მედია ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის "ინციდენტთან" დაკავშირებით წერს. გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აზერბაიჯანიდან სამშობლოში ბრუნდებოდა, როდესაც მის ვერტმფრენს "რთული დაფრენა" მოუწია.
გავრცელებული ცნობით, ამჟამად შემთხვევის ადგილისკენ მაშველები მიემართებიან. გაიგზავნა სამხედრო დრონებიც. Mirror-ის ინფორმაციით, ირანული სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა მოუვიდა ვერტმფრენს. ირანული გამოცემა Iran Observer-ი კი იტყობინება, რომ ვერტმფრენთან კავშირი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაკარგულია. ბორტზე პრეზიდენტთან ერთად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ აბდოლაჰიანიც იმყოფებოდა.
ცნობისთვის, მანამდე ირანის პრეზიდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ, აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონში იმყოფებოდა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.