მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველო-ირანის ეკონომიკური კავშირები რიცხვებში?

ირანი

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო ირანში 5-დღიანი გლოვა გამოცხადდა. კატასტროფას ასევე ემსხვერპლა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და რამდენიმე მაღალჩინოსანი. არჩევნებამდე, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, მოჰამად მოხბარი გახდა. ირანის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში გაიმართება. ირანის მთავრობამ განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას "შეფერხების გარეშე".

BMG გთავაზობთ საქართველო-ირანის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებლებს.

ვაჭრობა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველ-ირანის სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს, 271.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად დაახლოებით 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ირანიდან იმპორტი მკვეთრად აჭარბებს ექსპორტს და გასულ წელს 4%-ით ზრდის შემდეგ, ირანიდან იმპორტმა 241.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. 2023 წლის მონაცემებით, ძირითადი საიმპორტო პროდუქტები შემდეგია:

  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $39.1 მლნ;
  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - $28 მლნ;
  • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - $19.9 მლნ
  • კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $13 მლნ;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $11.2 მლნ.

რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წელს ირანში ექსპორტი უმნიშვნელოდ, 1.5%-ით გაიზარდა და 30.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ირანში ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 76.7 მილიონი აშშ დოლარი, 2017 წელს დაფიქსირდა.

გასულ წელს საქართველომ ირანში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შემდეგი საქონელი გაყიდა:

  • ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი - $9.5 მლნ;
  • ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - $2.5 მლნ;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $2.3 მლნ;
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $2.2 მლნ;
  • ინსტრუმენტი ხელის პნევმატური, ჰიდრავლიკური ან ჩადგმული ძრავით - $1.9 მლნ.

ინვესტიციები

საქსტატის მონაცემებით, ირანიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია პირველად 2006 წელს განხორციელდა. ყველაზე დიდი მოცულობის, 8.2 მილიონი აშშ დოლარის ირანული ინვესტიცია 2018 წელს შემოვიდა. 2023 წელს ირანიდან საქართველოში მხოლოდ 1.04 მილიონი აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 81%-ით ნაკლებია.

ირანიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციები გასული 5 წლის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 2019 წელი - $3.6 მლნ;
  • 2020 წელი - $1.1 მლნ;
  • 2021 წელი - $1.2 მლნ;
  • 2022 წელი - $5.4 მლნ;
  • 2023 წელი - $1.04 მლნ.

ტურიზმი

სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტებით ირანი ლიდერია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში ირანიდან ვიზიტები წლიურად 35.1%-ით, 28 811-მდე გაიზარდა.

გასულ წელს სამხრეთ აზიიდან განხორციელებული ვიზიტების ნახევარზე მეტი, 55% სწორედ ირანზე მოდიოდა. კერძოდ, 2023 წელს ირანიდან 126 282 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 23%-ით აღემატება.

ირანიდან ყველაზე მეტი, 291 070 ვიზიტი, 2018 წელს განხორციელდა. გასული წლების სტატისტიკა კი ასეთია:

  • 2019 წელი - 141 997 ვიზიტი;
  • 2020 წელი - 17 053 ვიზიტი;
  • 2021 წელი - 18 549 ვიზიტი;
  • 2022 წელი - 102 877 ვიზიტი;
  • 2023 წელი - 126 282 ვიზიტი.

ფულადი გზავნილები

ირანიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა უმნიშვნელოა. 2023 წელს 233 200 აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, წლიურ ჭრილში კი 216%-იან ზრდას წარმოადგენს. გასული 6 წლის განმავლობაში ირანიდან გზავნილები 100 000 დოლარზე ნაკლები იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები