2026 წლის პირველი იანვრიდან ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა იკრძალება. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა პრემიერის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა აიღოს დაინტერესებულმა პირმა ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატი.
როგორც დადგენილებაში წერია, ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების მიზანია, უზრუნველყოს ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარება, შესაბამისი პროფესიული და პრაქტიკული მომზადება/გადამზადება, მათ პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მათი უფლებების დაცვა, ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გამოყენებით საქართველოს აგრარული სექტორისა და მოსახლეობისთვის მაღალკვალიფიციური ვეტერინარული მომსახურების გაწევა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სერტიფიკატს სააგენტო, საბჭოს დასკვნის საფუძველზე გასცემს. თავის მხრივ, საბჭო იქმნება გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით.
დადგენილების თანახმად, სწორედ საბჭომ უნდა შეადგინოს პროფესიული გამოცდის პროგრამა და თემატიკა.
სასერტიფიკატო გამოცდა წერილობითი ფორმით, წელიწადში ორჯერ ჩატარდება და მასზე გასვლა დიპლომის მქონე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
სერტიფიკატი 5-წლიანია და ვადის გასვლის შემდეგ, ბენეფიციარმა გამოცდა თავიდან უნდა ჩააბაროს.
დადგენილება 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება.