ვეტერინარული მანიპულაციები 5840 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარაში, იმერეთსა და კახეთის რეგიონებში, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობს ცხოველთა კეთილდღეობის, დაავადებების პრევენციისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.
უწყების მიხედვით, 16 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში ქუჩებიდან აღებული და თავშესაფრებში გადაყვანილია - 5840 ძაღლი და კატა. ყველა მათგანი აცრილია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, ხოლო 5712 ცხოველს ჩაუტარდა სტერილიზაცია ან კასტრაცია. აგრეთვე, 5812 ცხოველი იდენტიფიცირდა სპეციალური საყურე ნიშნით, რაც მომავალში მათ აღრიცხვასა და მონიტორინგს გაამარტივებს. 28 ძაღლს უკვე ჰქონდა სხვა ორგანიზაციების მიერ ადრე დადებული ნიშნები. სტერილიზაციის შემდეგ, 5712 ცხოველი უკვე დაბრუნებულია ბუნებრივ გარემოში, ხოლო 128 ძაღლი და კატა ამჟამად ჯერ კიდევ თავშესაფარშია და ვეტერინარული პროცედურების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდება თავიანთ არეალში.
პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 ივნისის განკარგულებით დაიწყო, მოიცავს სტერილიზაციას, ვაქცინაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას - იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც საერთაშორისო პრაქტიკაში ეფექტიანად გამოიყენება ცხოველთა პოპულაციის მდგრად მართვაში. ინიციატივა საშუალებას იძლევა უფრო ეფექტურად მოხდეს ცოფისა და სხვა დაავადებების პრევენცია, რაც პირდაპირ აისახება როგორც ადამიანების, ისე ცხოველების უსაფრთხოებაზე. საპილოტე პროგრამით განსაზღვრულია ჯამში 9000-მდე უპატრონო ან მიკედლებული ცხოველის აყვანა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და შესაბამის თავშესაფრებში გადაყვანა ყველა საჭირო ვეტერინარული მანიპულაციის ჩასატარებლად.




























