23 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციები 9136 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება, მიზნად ისახავს უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანდაცვასა და მონიტორინგს, ასევე ცოფისა და სხვა დაავადებების პრევენციას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს ადამიანებისა და ცხოველებისთვის.
პროგრამა მოიცავს აჭარას, იმერეთს, კახეთს და ბორჯომის მუნიციპალიტეტს, წინასწარ განსაზღვრულია 9 000 ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და შესაბამისი ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ცხოველს ჩაუტარდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, უმეტესობას სტერილიზაცია ან კასტრაცია, განისაზღვრა მათი იდენტიფიკაცია საყურე ნიშნით, ხოლო თითქმის ყველა ცხოველი დაბრუნდა ბუნებრივ გარემოში. ამჟამად, 175 ცხოველი რჩება თავშესაფარში და ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდება გარემოში.




























