მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვფიქრობ, 2024 წლის მოსავლის ღვინოები მაღალი ხარისხის იქნება“ - ღვინუკა

რთველი

მეღვინეობა „ღვინუკას“ დამფუძნებელი ზუკა მაისაშვილი თვლის, რომ 2024 წლის მოსავლისგან დაწურული ღვინო უფრო მაღალი ხარისხის იქნება, ვიდრე გასული წლის. ამის შესახებ მეღვინემ, რომელიც ბიოვენახსა და წარმოებას რაჭაში მართავს, რეგიონში, ნაადრევად დაწყებული რთველის მოლოდინებზე საუბრისას გვითხრა.

„წელს კარგი ხარისხის ყურძენი გვაქვს, შესაბამისად, ხარისხიანი ღვინის დაწურვის პასუხისმგებლობა მეღვინეებზე გადადის. ვფიქრობ, 2024 წლის მოსავლის ღვინოები უფრო მაღალი ხარისხის იქნება, ვიდრე 2023 წლის“, - აღნიშნა მან.

„ღვინუკა“ რაჭაში 0.5 ჰა-ზე გაშენებულ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ვენახებს და წარმოებას მართავს, სადაც წელს 5 000 ბოთლი ღვინის ჩამოსხმა იგეგმება. მეღვინეობის დამფუძნებელი ზუკა მაისაშვილი რეგიონში მოსავლის გაუმჯობესებული მაჩვენებლების მიზეზს განმარტავს: „წინა წლისგან განსხვავებით, რაჭაში ყურძნის მოსავლიანობა და ხარისხობრივი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ამის განმაპირობებელი მიზეზი ის არის, რომ მტევნის მომწიფებისას ამინდები მეტ-ნაკლებად კარგი იყო. ყურძნის კარგი ხარისხი და რაოდენობა, რეგიონში შარშან შექმნილ დანაკლისს აღმოფხვრის“, - აღნიშნა მაისაშვილმა და დასძინა, რომ სავარაუდოდ წელს, რაჭაში 2500-3000 ტონა მოსავალს ელიან.

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება უკვე დაიწყო და რეგიონში წელს საპროგნოზო მოსავალი 2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 50-ზე მეტი ღვინის კერძო კომპანია იქნება ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები