მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვფიქრობ, ჩვენ ძალიან დამოუკიდებლები ვიქნებით - საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრი

რიდლი

საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრი მაიკლ რიდლი მიიჩნევს, რომ საბჭო დამოუკიდებელი იქნება. მან ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ, ფონდის საქმიანობის 2024 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

საქმე ისაა, რომ “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ივნისში შესული ცვლილებებით საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურა შეიცვალა. შედეგად, ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა შეიქმნა უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო, რომლის 8 წევრი ღია კონკურსის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრმა დანიშნა. მიღმა ამ ცვლილებებისა, დამოუკიდებლობაზე კითხვები თავად შერჩეულმა კანდიდატებმაც გააჩინა.

BMG დაინტერესდა, როგორ აფასებს საკითხს მაიკლ რიდლი, რომელიც მმართველობით საბჭომდე საინვესტიციო საბჭოს წევრი იყო. ის მმართველობით სტრუქტურაში ცვლილებებს ბუნებრივ განვითარებად აფასებს და აღნიშნავს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, სწორედ ამიტომ შეიტანა განაცხადი საბჭოს წევრის ვაკანსიაზე.

"მე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოში ვარ დაარსებიდან, ასე რომ, უკვე ექვს წელზე მეტია და ძალიან მოხარული ვარ, რომ გავაგრძელებ მუშაობას მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

ცვლილება მინისტრთა სამეთვალყურეო საბჭოდან და უცხოელი პროფესიონალებისგან შემდგარი საინვესტიციო საბჭოდან ერთიან საბჭოზე, ვფიქრობ, ბუნებრივი პროგრესია. ჩვენ ახლა გადავედით სისტემაზე, სადაც გვაქვს ერთი საბჭო, გვყავს ხუთი ადგილობრივი არჩეული თანამდებობის პირი, ერთი მთავრობიდან დანიშნული წარმომადგენელი და სამი საერთაშორისო ექსპერტი, რომელთაგან ერთი მე ვარ. ასევე, ჟან-ფრედერიკ პოლსენი იყო საბჭოში დაარსების დღიდან და გააგრძელებს. ვფიქრობ, ეს ბუნებრივი პროგრესია და ჩვენ ძალიან დამოუკიდებლები ვიქნებით. ამჟამად მთავრობის მიერ დანიშნული მხოლოდ ერთი წევრია საბჭოში და შემდგომში, ის არ იქნება სააგენტოს არცერთ მნიშვნელოვან ოპერატიულ კომიტეტში. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ვიქნებით დამოუკიდებელი.

მე გავაკეთე ხელახლა არჩევნებისთვის განაცხადი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის და ქართველი ხალხისთვის. ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი საპენსიო სისტემის და ფონდისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების გასავითარებლად", - აღნიშნა მაიკლ რიდლმა.

რაც შეეხება საინვესტიციო მანდატს, მისი თქმით, გასულ წელს კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, სააგენტოს აქვს თანხმობა საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციაზე, თუმცა შედარებით შეზღუდული შესაძლებლობებია იმ ფონზე, რომ ქვეყანაში არაა განვითარებული საფონდო ბირჟა.

"ჩვენ ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ მეტი საინვესტიციო შესაძლებლობის სტიმულირებისთვის", - განაცხადა მაიკლ რიდლმა.

BM.GE მმართველობითი საბჭოს დამოუკიდებლობაზე კითხვა ასევე დაუსვა საბჭოს თავმჯდომარეს, გია მორჩილაძეს. მორჩილაძე აღნიშნავს, რომ საბჭო დამოუკიდებელია და სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით მუშაობს.

"მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ჩვენს საქმიანობაში და მთავარ ამოცანას წარმოადგენს ფონდის წარმატებული ფუნქციონირება და ის, რომ მის მუშაობაში ფონდის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესები იქნეს გათვალისწინებული", - აღნიშნა გია მორჩილაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს, მმართველობითი საბჭოს შესარჩევი კონკურსი თებერვალში დასრულდა, ახალი საბჭო კი მუშაობას მარტიდან შეუდგა.

ვინ არის საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭოს 8 წევრი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები