გუდაურში მდებარე სასტუმროების Quadrum-ისა და Pine Chalet-ის მმართველი კომპანია „კა ჯგუფი“ აცხადებს, რომ მიმდინარე ზამთრის სეზონს საშუალოდ 80%-იანი დატვირთვით დახურავს. ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინა ჭიღლაძემ BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ახალი წლის პერიოდში Quadrum-ში ნომრები სრულად იყო დატვირთული, ხოლო სტუმრების უმეტესობას უცხოელი ვიზიტორები შეადგენდნენ.
"დღევანდელი მდგომარეობით გუდაურში ორ ობიექტს ვმართავთ – "ქვადრუმ გუდაურს" და "ფაინ შალეს". ორივე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია ხასიათით და შინაარსით, შესაბამისად მრავალფეროვან სეგმენტთან გვიწევს კომუნიკაცია. ვფიქრობ, სეზონს საშუალოდ 80%-იანი დატვირთვით დავხურავთ.
რაც განსაკუთრებით მახარებს, არის ის, რომ Quadrum-ის შემთხვევაში ევროპელი დამსვენებელი დაახლოებით 90% იყო. წამყვანი ბაზრებია იტალია და პოლონეთი, ამ შემთხვევაში იტალია აშკარად ლიდერობს", – ამბობს ჭიღლაძე.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ჯავშნები როგორც ტურისტული კომპანიების მეშვეობით (B2B), ისე პირდაპირი გაყიდვების არხებიდან (B2C) ხდება, ხოლო ადგილობრივი დამსვენებლის წილი ჯერჯერობით მცირეა და ჯავშნებს ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით ახორციელებენ.
ნინა ჭიღლაძის შეფასებით, წინა წელთან შედარებით გუდაურში ტენდენცია შეიცვალა - კერძოდ, ჯავშნები უფრო ადრე კეთდება: „თუ შარშან უფრო "პოსტ ფაქტუმ" ჯავშნები გვქონდა, 2-3 დღით ადრე, დღეს ეს სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა. თებერვლის დატვირთულობა უკვე დაახლოებით 75%-მდე გვაქვს დაორგანიზებული“, – განმარტავს ის.
მისივე თქმით, გაუქმების შემთხვევებიც შემცირებულია ან უფრო ადრე ხდება შეტყობინება, ხოლო უმეტეს შემთხვევაში ჯავშნის სრული ჩახსნის ნაცვლად, თარიღის ცვლილება ფიქსირდება.
„წინასწარი ჯავშნები სასტუმრო ბიზნესს ძალიან ეხმარება, რომ სწორად დაგეგმოს საქმიანობა და მომავალში გააკეთოს მიზნობრივი ინვესტიციები – დაამატოს დამატებითი სერვისები, რათა მომხმარებელმა სრიალის შემდეგ სასტუმროში დაბრუნებისას უფრო საინტერესო გამოცდილება მიიღოს და ამან ბიზნესისთვის დამატებითი სარგებელი მოიტანოს“, – აღნიშნავს ნინა ჭიღლაძე.




























