ვფიქრობ, ინვესტორი წლის მეორე ნახევარში შეძლებს ანაკლიის პორტში სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კაკაურიძე პასუხობს დასმულ კითხვებს იმის შესახებ, თუ რატომ არის გათვალისწინებული ანაკლიის პორტისთვის 70 მლნ ლარი.
„ამ თანხაში[70 მლნ ლარი] რა თქმა უნდა არ შედის გზა, რკინიგზა და ინვესტორის მიერ გასაწევი ხარჯები. ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა განხორციელდეს წყალში, დაღრმავების სამუშაოების, წყლისმჭრელების სახით - ეს არის აუცილებელი სამუშაო პორტის მშენებლობისთვის. რაც შეეხება რკინიგზას და გზის მშენებლობას, ეს იქნება აბსოლუტურად სხვა პროექტი, რომელსაც არა ეკონომიკის, არამედ ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს, ვინაიდან არ არის ეს ეკონომიკის სამინისტროს გასაკეთებელი და დაიწყება ეს სამუშაო მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა მორჩება ინვესტორთან. გზა უფრო მალე აშენდება თუ პორტი, მე მგონი კარგად იცით. როგორც კი ინვესტორი დაიწყებს პორტის მშენებლობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა თანხები, რომ დაიწყოს გზის მშენებლობა და დამერწმუნეთ, ის გზა გაცილებით მალე აშენდება, ვიდრე პორტი“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება ინვესტორს, კაკაურიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს კონკურსის შესაბამისი სამუშაოები.
„მე ვფიქრობ, რომ წლის პირველ ნახევარში იქნება შესაძლებლობა, დასრულდეს კონკურსიც და მოლაპარაკებებიც, საბოლოო ხელშეკრულება შეთანხმდეს ინვესტორთან და წლის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, ინვესტორს შეეძლება დაიწყოს სამუშაოები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება ამ 70 მილიონის ზევით დასახარჯი თანხა. ინვესტორთან მოლაპარაკებები იმას ნიშნავს, რომ უნდა შევთანხმდეთ რა გრაფიკით უზრუნველყოფს ინვესტიციებს და რა გრაფიკით უნდა უზრუნველვყოთ ჩვენ ინვესტიციები. შესაძლებელია შეთანხმება მოხდეს ისე, რომ იმან დახარჯოს ნაწილი, ჩვენ ავუნაზღაუროთ და ა.შ. შედგება გრაფიკი, რომელიც ხელშეკრულების ნაწილი იქნება. 2024 წელს მშენებლობის ნაწილში თანხა გადასახდელი არ გვექნება“, - განაცხადა კაკაურიძემ.