მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ვფიქრობ, კომპრომისი აუცილებლად იქნება”- პლასტიკის ბოთლების აკრძალვაზე ბიზნესის წარმომადგენლები მინისტრს შეხვდნენ

პლასტიკის ბოთლები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით პლასტიკის ბოთლების აკრძალვის რეგულაციაზე ბიზნესთან შეხვედრა შედგა. „EFES საქართველოს“ კორპორაციულმა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ შეხვედრა პოზიტიური იყო, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი დიალოგი დადგენილების გამოქვეყნებამდე გაცილებით ეფექტური იქნებოდა.

მისი თქმით, ბიზნესსექტორმა სამინისტროს გააცნო კონკრეტული ხედვა იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს შემოთავაზებული რეგულაცია ეკონომიკაზე, ლოჯისტიკასა და დასაქმებაზე.

როგორც „EFES საქართველოს“ კორპორაციული დირექტორი განმარტავს, ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი შეთავაზებაა, რომ სრულფასოვნად ამუშავდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) რეგლამენტი შეფუთვის ნარჩენებზე, რაზეც სამინისტროს მხრიდან თანხმობა უკვე მიღებულია.

ბიზნესის განმარტებით, მხარეები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში აქტიურ კომუნიკაციასა და სამუშაო შეხვედრებს გეგმავენ, რათა რეგულაციაში ისეთი ცვლილებები შევიდეს, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს დააბალანსებს.

“სამწუხაროდ, მანამდე არ გვქონია ეს შეხვედრა, თუმცა ძალიან პოზიტიური იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ჩვენი წინადადებები გავაცანით - ანუ რა შედეგს გამოიწვევდა ეკონომიკაზე, ლოჯისტიკაზე, ზოგადად დასაქმებაზე და ასე შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ამ ფორმით ამოქმედდებოდა ის, რაც შემოთავაზებულია.

მინისტრთან გვქონდა ეს შეხვედრა. აბსოლუტურად გაგებით მოეკიდა ამ თემას. მათი პერსპექტივა არის აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე ჩვენი პერსპექტივა, თუმცა არსებობს საკითხები, რომელთა დაახლოებაც მოხდება.

სამინისტროს პერსპექტივა არის, რომ ეს არის გარემოს დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომ შემცირდეს პეტ-ის (PET) განთავსების რაოდენობა ბაზარზე, ხოლო ბიზნესის პერსპექტივაა, რომ ვთქვათ, ის თუ რა ეკონომიკურ შედეგებს გამოიღებს ეს რეგულაცია. შევთანხმდით, რომ ჩვენ დაახლოებით ერთი თვის შემდეგ უკვე სამუშაო რეჟიმში ჩვენი წინადადებებით მივალთ, კონკრეტულად რისი დათმობა შეუძლია ბიზნესს, რისი დათმობა შეუძლია სამინისტროს, ანუ რა კომპრომისის მიღწევაა შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ ეს კომპრომისი აუცილებლად იქნება, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს როგორც ინდუსტრიას, ასევე გარემოს.

ჩვენი შეთავაზება იყო, რა თქმა უნდა, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების, შეფუთვის ნარჩენების რეგლამენტი ამუშავდეს, რაზედაც მივიღეთ თანხმობა, რომ ეს აუცილებლად იქნება იმ საკითხებთან კომბინაციაში, რაზედაც ჩვენ შევთანხმდებით. გვაქვს ახლა საკმარისი დრო იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი წინადადებები და შემდეგ შევაჯეროთ სამინისტროსთან.”-ამბობს EFES საქართველოს კორპორაციული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები