მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, "რესპუბლიკურის" ამბები ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო - ნინო ოთარიშვილი აზარაშვილზე

რესპუბლიკური

რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი ნინო ოთარიშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბ აზარაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებაში გადამწყვეტი როლი რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ითამაშა. როგორც ოთარიშვილმა BMG-სთან აღნიშნა, აზარაშვილის მინისტრობის პირობებში ჯანდაცვის პოლიტიკა ხისტი იყო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სპეციალისტებთან კომუნიკაციის გარეშე მიიღებოდა.

„1995 წლიდან ექიმი ვარ, ეს იყო ყველაზე ცუდი ჯანდაცვის პოლიტიკა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა. ექიმების არ ესმოდა, არ ცდილობდა, პროფესიონალების აზრი გაეთვალისწინებინა და კომპრომისზე წასულიყო. პირადად მხოლოდ ორჯერ შევხვდით, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს სახელით გველაპარაკებოდნენ, მის პოლიტიკას იზიარებდნენ, რომელიც იყო ხისტი, პიროვნული გადაწყვეტილებების პოლიტიკა და არ ითვალისწინებდა ექიმების, ჯანდაცვის სპეციალისტების აზრს. სამედიცინო საზოგადოებაში ექიმთმოძულეს ეძახიან. მისი ყველა გადაწყვეტილება ტელევიზიის საშუალებით გავიგეთ, არასდროს გვქონია საგნობრივი განხილვა. ვთვლი, რესპუბლიკურის ამბები ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო ამ პოზიციაში“,- ამბობს ნინო ოთარიშვილი.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული პოლიტიკის ხაზს გაჰყვება.

ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დღეს, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2021 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა. მაშინ მან ეკატერინე ტიკარაძე ჩაანაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები