საქართველოში ინფლაცია საკმაოდ მაღალია, თუმცა ვფიქრობ, აქ შიდა ფაქტორებზე მეტად, გარე ფაქტორებია წამყვანი, - ამის შესახებ „ანალიტიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში Fitch-ის წარმომადგენელმა, ალიონა აგრენენკომ განაცხადა.
ის მიიჩნევს, რომ 2022 წლისთვის საშუალო ინფლაცია 7% იქნება, თუმცა რისკი მაინც არსებობს, რომ ინფლაცია მოლოდინებში არ გადაიზარდოს.
„ჩემი გადმოსახედიდან ინფლაციას მაინც გარე მიზეზები აქვს. შიდა ფაქტორებზე მეტად, გარე ფაქტორებია წამყვანი. წამყვანი შიდა ფაქტორი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ამ ეტაპზე, კომუნალურებზე არსებული სუბსიდიები იყო და ახლა ადაპტაცია მიმდინარეობს, როგორც კი ეს ფაქტორი გაიწოვება, ამას დადებითი გავლენა ექნება ინფლაციაზე. თუმცა უფრო ფართოდ, ინფლაციას საქართველოში კვებავს სურსათზე, საწვავზე არსებული მაღალი საერთაშორისო ფასები.
ჩვენი შეფასებით, ინფლაცია წელს უნდა შემსუბუქდეს. 2022 წლისთვის საშუალო ინფლაცია ჩვენი აზრით 7% იქნება. მიგვაჩნია, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შეძლებს ინფლაციის შემცირებას. ჩვენი მოლოდინი ასევე უკავშირდება ლარის სტაბილურობასაც და ამ ნაწილშიც მეტი სტაბილურობის მოლოდინი გვაქვს. თუმცა, რისკი მაინც არსებობს, რომ ინფლაცია მოლოდინებში არ გადაიზარდოს. ამ შემთხვევაში ინფლაცია უფრო ჯიუტი გახდება. ამას ვაკვირდებით“, - განაცხადა ალიონა აგრენენკომ.
მისი შეფასებით, დღეს ინფლაცია საქართველოში ძალიან მაღალია - ეს არ არის უნიკალური ამ ქვეყნისთვის, მაგრამ როდესაც საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელს უყურებ, ნამდვილად საკმაოდ მაღალია.
Fitch-ის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ინფლაციამ შემცირება მეორე კვარტლიდან უნდა დაიწყოს და აქ ყველაზე დიდი გავლენა ექნება იმ კონკრეტულ სუბსიდირებას, რომლის ეფექტიც შემცირდება.
„ეროვნული ბანკიც უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ინფლაციის მოლოდინების მართვას და იმ პოტენციურ წნეხს, რაც მაღალ ინფლაციას შეიძლება ჰქონდეს გაცვლით კურსზე. ამდენად, ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას. ეს პოლიტიკა ლარსაც ეხმარება. ვფიქრობ, მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა წლის ბოლოსკენ უფრო იქნება. მკაცრ პოლიტიკას მხარს უჭერს რეიტინგიც, რადგან ჩვენ უკვე ვნახეთ დადებითი შედეგი, რაც აისახა ლარზე“, - ამბობს ის.




























