„ვფიქრობ რომ ტურისტი, რომელიც მიზანდასახულია, ის ჩამოვა“, - ასე აფასებს BM.GE-სთან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შეფი, გურამ ბაღდოშვილი და ამბობს, რომ უცხოელები მასთან პირად კომუნიკაციაში ამბობენ, რომ მიუხედავად შიდა პრობლემებისა, საქართველოში ჩამოსვლას მაინც გეგმავენ. ვინაიდან, შიდა პრობლემები გლობალურად, ყველგან არის.
მისივე ცნობით, საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის გონივრული მოლაპარაკება უნდა განხორციელდეს და საკითხი კონსენსუსამდე უნდა მივიდეს.
„აქტივობა დღესდღეობით შედარებით ცოტა ნაკლებია, თან დაბალი სეზონია და ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მომხმარებელს აშინებს, მაგრამ მე მაინც ცოტა იმედიანად ვარ. როდესაც უცხოელებთან ვსაუბრობ, მეუბნებიან, რომ მიუხედავად შიდა პრობლემებისა, ვგეგმავთ ჩამოსვლას. ეს შიდა პრობლემები ყველგან არის, ამიტომ ვფიქრობ რომ ტურისტი, რომელიც მიზანდასახულია, ის ჩამოვა. ვფიქრობ, რომ მალე ყველაფერი დალაგდება, ეს ასე ვერ გაგრძელდება. ქვეყანა ნახევრად პარალიზებულია. საზოგადოებაც ძალიან აგრესიულადაა განწყობილი ერთმანეთის მიმართ და ეს ქვეყანას არ აძლევს განვითარების საშუალებას, პირიქით უკან ხევს. ვფიქრობ, ორივე მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდანაც და საზოგადოების მხრიდანაც გონებრივი მოლაპარაკება იქნება და რაღაც კონსენსუსამდე მივა ეს ყველაფერი", - ამბობს ბაღდოშვილი.
მისი ინფორმაციით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, პირველი ორი თვე მუშაობის მაჩვენებლები დაიწია.
"ძირითადად ხარისხიან ტურისტზე ვმუშაობ, იმიტომ რომ ჩვენი რესტორნები არ არის კაფეს ფასებით. უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით ვმუშაობთ და პროფესიონალებს ვასაქმებთ, შესაბამისად ჩვენი ფასები საშუალოზე მაღალია. მე ძირითადად ჩემი ტურისტი მყავს. ის ექსპატები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, რომლებიც არ გაიქცნენ, ბიზნესები დაიწყეს და მეტ-ნაკლებად „კარგად მოკალათდნენ“. ძირითადად უკრაინელები, ბელორუსები, ასევე მყავს გერმანელები, რომლებიც ზამთრის კურორტებს სტუმრობენ. მათ რომ ვკითხე მთის სათხილამურო კურორტების შესახებ, მითხრეს, რომ ისინი აღფრთოვანებული არიან სასტუმროებით“, - განაცხადა შეფმა და დასძინა, რომ ევროპელი სტუმრებისთვის, რომლებიც „დავარცხნილ“ ქვეყანაში ცხოვრობენ, მათთვის საქართველოს ველური ბუნება, ურბანულად განსხვავებული და საინტერესოა.