BMG–ის ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, CNN-ის მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, დღემდე – აქტიური ჟურნალისტი, კვლევითი ცენტრების ექსპერტი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სალექციო კურსის ავტორი – ჯილ დოერთი სტუმრობდა. მისი საქმიანი აქცენტი სულ იყო რუსეთზე და საბჭოთა კავშირზე. დღეს ის ამ სფეროში არა მხოლოდ ჟურნალისტად, არამედ, ექსპერტადაც არის ცნობილი. უნივერსიტეტში ის პროპაგანდაზე ჰყვება და მუშაობს. მოკლედ – ბევრი მიმართულებით იყო მასთან საუბარი და აზრთა გაცვლა საინტერესო. რა გამოვიდა – თქვენ განსაჯეთ.
მოგესალმებით, ჯილ.
დიდი მადლობა, ელენე.
დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. რამ ჩამოგიყვანათ საქართველოში?
მიყვარს საქართველოში ჩამოსვლა. აქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ჯერ კიდევ 70–იან წლებში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი CNN-ის ჟურნალისტი. საქართველოს ისტორიის დიდი ნაწილი მაქვს გაშუქებული. აქ ვიყავი საკმაოდ ბნელ პერიოდშიც – 1993 წელს – სამოქალაქო ომის დროს. აქ ვიყავი ვარდების რევოლუციის დროს. მას შემდეგაც, რაც CNN-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი გავხდი, თითქმის 10 წელი ვიყავი ამ თანამდებობაზე, თუმცა, ჯამში, CNN-ისთვის 30 წელი ვიმუშავე – მაგრამ მას შემდეგაც კი, რაც უკვე აქ აღარ ვმუშაობდი, მაინც ვბრუნდებოდი ხოლმე და ისევ CNN-ის მიკროფონით, რეგიონის თემების გასაშუქებლად – მე როგორც ვუწოდებ, ვბრუნდებოდი სამეზობლოში. მაგრამ დღეს აქ იმიტომ ვარ, რომ პასუხი გავცე ფილოსოფიურ, ისტორიულ კითხვას – ბევრი მოვლენის მომსწრე ვარ, პირადადაც და როგორც ჟურნალისტი, მათ შორის – ცივი ომის პერიოდის, საბჭოთა კავშირის დაშლის და ა.შ. – და რეალურად ახლა მაქვს განცდა, რომ – და ამაზე ცოტა ვისაუბრეთ კიდეც ეთერამდე – რომ ახლაა გადამწყვეტი მომენტი, შემობრუნების წერტილი ისტორიაში, თუმცა ბოლომდე არ ვიცით, ეს რა არის, ბოლომდე ვერც სახელს ვარქმევთ, არ ვიცით, როგორ განვმარტოთ. ძალიან ბევრი გაურკვევლობაა, ბუნდოვანება, შეუძლებელია პროგნოზირება. დიდი ტექნოლოგიური ცვლილებებია. საბჭოთა კავშირი დაიშალა. 15 სხვადასხვა დამოუკიდებელი ქვეყანაა. 35 წელი გავიდა და საინტერესოა გავლენის შეფასება: როგორ ვითარდებიან ეს ქვეყნები – ცენტრალური აზია, ბალტიის ქვეყნები, კავკასია – ერთმანეთისგან განსხვავებული რეგიონები – პირადად ჩემთვის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ცოტა გრძელი გზა ავირჩიე, აგიხსნათ აქ რატომ ვარ, მაგრამ უფრო მეტად რომ დავკონკრეტდე – მე ვაკვირდები ცვლილებებს რუსეთის საზღვრის გაყოლებაზე. რუკას რომ დახედოთ და რუსეთის საზღვარი წარმოიდგინოთ – ზოგჯერ, ფიზიკურად, ზოგჯერ – პოლიტიკურად – შარშან ოქტომბერში ბალტიის ქვეყნებიდან დავიწყე – ლატვია, ლიეტუვა, შემდეგ ჩამოვუყევი პოლონეთისკენ, შემდეგ წავედი უკრაინაში, შემდეგ – უნგრეთი, რუმინეთი, მოლდოვა. რის გაგებაც მინდა ის არის, თუ რას ფიქრობენ ადამიანები ამ ქვეყნებში, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. კონტექსტი აქ უკრაინაში მიმდინარე ომია. ჩავედი საზღვართან, ვესაუბრე მესაზღვრეებს – განსაკუთრებით, პოლონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. და შემდეგ, როცა უნგრეთამდე მოვედი – აქ უკვე ვიგრძენი პოლიტიკური ცვლილება. რაც შეეხება საქართველოს – აქ დიდი პოლიტიკური ძვრებია, სამწუხაროდ, კონფლიქტებით და სხვა თანმხლები მოვლენებით – და მაინტერესებს რა განწყობებია, მაინტერესებს ხალხთან გასაუბრება. მხარეს ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მინდა, რომ ამ დიდი ცვლილების ანატომია გავიგო.
როცა მოდიოდით, თქვენ რა განწყობა გქონდათ? რა მოლოდინი? რომ მოდიხართ ქვეყანაში, რომელსაც ახლა განსხვავებული ასპირაციები და ღირებულებები აქვს? ეს გაინტერესებთ?
ეს ძალიან კარგი კითხვაა, მაგრამ რთული და კომპლექსური პასუხი აქვს. ჩემი დაკვირვებით საქართველო დიდი ცვლილებების პერიოდს გადის. მახსოვს – მაგალითად ვარდების რევოლუციის დროს – ან დამოუკიდებელი საქართველოს ადრეულ პერიოდში – მკაფიო ტრაექტორია არსებობდა დასავლეთისკენ. მაშინ ისე ჩანდა, რომ ეს იქნებოდა საქართველოს მომავალი. დღეს, სიტყვებში ეს შეიძლება შენარჩუნებულია – მთავრობაც ამბობს, რომ ევროპის გზას ადგას – მაგრამ ჩემი პერსონალური აზრია და მე ასე ვხედავ ამ სურათს, რომ მოცემულობები იცვლება, მეტი ეჭვია. ეს ქმნის დაძაბულობას საზოგადოების შიგნით. კიდევ უფრო მეტად რომ გავართულოთ მთელი ეს სიტუაცია, აქვეა ვლადიმირ პუტინი, რომელიც 4 წლის წინ იწყებს ომს ევროპის გულში. ეს ომი ადგილობრივ ქართულ პოლიტიკაშიც შემოდის. ეს ომი ცვლის ევროპას – ევროპა, რომელსაც 4–5 წლის წინ საქართველო აკვირდებოდა, გარკვეულწილად შეცვლილი ევროპაა – უფრო მილიტარიზებული, უფრო პროტექციონისტული იმ სურვილების წინააღმდეგ, რაც რუსეთს აქვს, ინსტიტუციები იცვლება, ნატო იზრდება და იქვეა ამერიკაც – ახალი პრეზიდენტით, რომელსაც უდიდესი ცვლილებები შეაქვს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში. საქართველო შუაგულშია – ცენტრალური აზია, რუსეთი, ევროპა და შეერთებული შტატები. საქართველო ამ კრიტიკულ რეგიონში კრიტიკულ წერტილშია. ზუსტად ამიტომ მაინტერესებს. ეს ის ქვეყანაა, რომელიც მადარდებს, რომელიც მიყვარს, პატივს ვცემ მის ხალხს და მაინტერესებს აქ რა მოხდება.
რუსეთ–უკრაინის კონტექსტში როცა აფასებთ საქართველოს პოზიციას – მთავრობამ ეკონომიკური ფაქტორები ბუსტერად გამოიყენა – ეს ჩანს რიცხვებში, საერთაშორისო და სარეიტინგო სააგენტოების შეფასებაც მსგავსია – რას ფიქრობთ ასეთ საქართველოზე?
მე ეკონომისტი არ ვარ.
მესმის. პოლიტიკურად?
მოდი ასე ვთქვათ, ყველანი შოკში ჩავცვივდით, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. პროცესები 2014 წელს დაიწყო. ყირიმში. მაგრამ ეს სრულმასშტაბიანი ომი მაინც შოკი იყო. შოკი იყო შეერთებული შტატებისთვის, უკრაინისთვის, აქაც შოკი იყო. დავაკვირდი, რომ ძალიან სწრაფად საქართველოს მთავრობამ დაიწყო ომის გამოყენება, რომ ეთქვა თავისი ხალხისთვის – „ეს ძალიან საშიშია; ჩვენთან ასეთი რამ არ უნდა დავუშვათ“ – ომი პოლიტიკური იარაღი გახდა. პირველი – შიში, რომ რუსეთი შეიძლება საქართველოშიც შემოიჭრას მაშინ, როდესაც რუსეთს უკვე აქვს საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიები. ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რაზეა წამსვლელი რუსეთი. მახსოვს, რუსთაველზე ვნახე გამოკრული ბანერები – ეს გინდათ საქართველოში? – დანგრეული უკრაინის ფოტოების ფონზე. ომის შიში? ეს სრულიად მესმის. ქართველებს შეიძლება ამის შიში ჰქონდეთ ობიექტურად, რადგან ასეთ ომებს უახლეს ისტორიაში მათ ზურგებზე გადაუვლია. მაგრამ საქართველოში ომის შესაძლებლობა აქ სტრატეგიულ პოლიტიკურ დებატად იქცა – როგორც ამერიკაში ვამბობთ ხოლმე, პოლიტიკურ ფეხბურთში გადაიზარდა.
უფრო როგორც ექსპერტს გეკითხებით ახლა რუსეთის საკითხებში – 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტორზე მინდა გკითხოთ. გიფიქრიათ, რომ მაშინ რომ დასავლეთს უფრო მკაფიო პასუხი ჰქონოდა რუსეთისთვის, შესაძლოა, 2014 წელი ყირიმისთვის და შემდეგ 2022 – უკრაინისთვის არც ყოფილიყო?
აგვისტოს ომი პუტინის პირველი მცდელობა იყო. შოკიც იყო, მაგრამ ერთგვარი დაბნეულობაც – მე ვაშუქებდი ამ ომს და მახსოვს, დასაწყისშიც კი იყო ეს დებატი –წამოეგო თუ არა მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი პროვოკაციას, უნდა შეჰყოლოდა თუ არა ის რუსეთს ამ ომში და ა.შ. – მაგრამ არაფერი ცვლის იმ მოცემულობას, რომ ეს იყო რუსეთის მიერ პირველად თანამედროვე ისტორიაში ღია სამხედრო ოპერაცია, ღია ომი. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშნულია, იმიტომ რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. თქვენ მართალი ხართ. 2014 წელი დადგა. და ჩემთვის ეს თარიღი უკავშირდება 2008 წელს. რუსეთს მკაფიოდ ჰქონდა გადაწყვეტილი საქართველოს და უკრაინის დასუსტება. არჩეული მეთოდებიც გარკვეულწილად მსგავსი იყო. რუსეთი ყოველთვის აღწერს ამას, როგორც დაცვას – რუსეთი იცავს თავის სამხედრო დანაყოფებს, თუ ხალხს. ყირიმის მაგალითზე ეს კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს – „ჩვენ უნდა დავიცვათ რუსულენოვანი მოსახლეობა“. და ამასობაში, სანამ სრულმასშტაბიან ომამდე მივედით 2022 წელს უკრაინაში – ეს ნარატივი ისე შეტრიალდა, თითქოს ეს ქვეყნები კი არ არიან მსხვერპლი, არამედ რუსეთია მათგან დასაცავი. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის.
უფრო ფართოდაც რომ შევხედოთ – რა გამოდის მაშინ გადატვირთვის პოლიტიკა? ერთგვარი ილუზია შეიქმნა დასავლეთმა, რომ რუსეთის შეცვლა შესაძლებელი იყო, რომ დასავლეთი შეცვლიდა რუსეთს?
დიახ. მე ვაშუქებდი ამ მოვლენას. ჰილარი კლინტონს. წითელ ღილაკი – ეს სიმბოლური ხელის დაჭერაც მახსოვს. გადატვირთვა – თვითონ ეს სიტყვაც კი მისინტერპრეტირებული იყო. და ეს საკმაოდ დიდი შეცდომა იყო. გულწრფელი რომ ვიყო, კლინტონის ადმინისტრაცია მაშინ ზუსტად ასე განიცდიდა – მათ უნდოდათ ეს გადატვირთვა. რუსეთთან ურთიერთობები თითქოს უმჯობესდებოდა. მათი აზრით, ეს იყო მომენტი, რომ ეს გაუმჯობესების ტრაექტორია შეენარჩუნებინათ. მაგრამ ამ მიდგომაში იყო რაღაც – არ ვიტყვი ნაივურობას, მაგრამ ეს იყო მისინტერპრეტაცია იმისა, თუ რა ხდებოდა რუსეთში. კიდევ უფრო ფართოდ რომ შევხედოთ – მე ვაშუქებდი საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდს და თანამედროვე რუსეთის დასაწყისს – ცოტა გორბაჩოვის მმართველობა, ელცინის მმართველობის ბოლო პერიოდი, პუტინის მმართველობის დასაწყისი და პუტინი – ბოლომდე, დღევანდელ დღემდე. ელცინის პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს. ელცინის მოწოდებები – „კომუნიზმი დასრულდა“. და შემდეგ – ის ანგრევს სტრუქტურებს, მაგრამ აღარ აშენებს. არადა, გორბაჩოვის გავლენით, იყო რაღაც ნიშნები ინსტიტუტების – სიტყვის თავისუფლება იყო; მახსოვს, ისმოდა შეკითხვები. ბევრი სიგიჟე იყო, ელცინის ქაოსი – მაგრამ გარემო საკმაოდ თავისუფალი იყო. თავისუფალი ჟურნალისტიკა იყო. დიდი მოლოდინებიც საზოგადოების ტრანსფორმაციის. მაგრამ ელცინი, როგორც უკვე ვთქვი, დამანგრეველი იყო და არა მშენებელი – ამდენად, ელცინის მმართველობის ბოლოს, როცა უკვე ძალიან ავადაა, კვდება, გულის შეტევები ემართება – მოდის პუტინი და პუტინი ამბობს – „აი, ეს აღარ იქნება, ქაოსი აღარ იქნება, მე გავაკონტროლებ, იქნება წესრიგი, აღარ იქნება სისუსტე“. ელცინზე დაკვირვებით, შეერთებულმა შტატებმა და ზოგადად – დასავლეთმა – შეიძლება იფიქრეს, „პუტინი რეფორმატორი იქნება. მას ჰყავს კადრები – გახსოვთ, ჩუბაისი?“ – ეს ხალხიც რეფორმატორებს ჰგავდნენ. დასავლეთმა შეხედა პუტინს და თქვა – „ის ჩვენნაირი იქნება. რუსეთი დასავლური ქვეყანა იქნება“.
არადა, ისე გამოვიდა, რომ პუტინისთვის მთავარი სისუსტე დემოკრატია აღმოჩნდა..
დიახ. ზუსტად ეს მოხდა. რუსეთი არასდროს იქნება ბელგია. ის სულ რუსეთი იქნება. რუსეთს სხვა მიდგომა აქვს. ვფიქრობ, შეიძლება არსებობდეს დემოკრატიული რუსეთი. მაგრამ მისი ისტორია ძალიან განსხვავდება რიგითი ევროპული ქვეყნის ისტორიისგან. პუტინი მოდის და იპყრობს არსებულ ინსტიტუციებს – მედია, სასამართლო, საგარეო უწყებები, თავდაცვა. და ახლა მთელი ძალაუფლება ზევითაა. საზოგადოება სადღაც აქ არის – ქვევით. სულ ვიხსენებ ხოლმე ამას. ჩემმა რუსმა მეგობარმა – რომელიც საგარეო ურთიერთობების ექსპერტია – მითხრა, რომ დასავლურ საზოგადოებებში ძალაუფლების განაწილებას სამკუთხედის ფორმა აქვს – ძირისკენ სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო მოძრაობები, მედია, რელიგიური ჯგუფები – წვეროშია მხოლოდ ლიდერშიფი – და სამკუთხედიც სტაბილურია, მყარად დგას. რუსეთში ეს სამკუთხედი ამოტრიალებულია – წვეროში მცირე სამოქალაქო საზოგადოება და დიდი ძალაუფლება თავში – რა შეიძლება მოხდეს? სამკუთხედი შეიძლება გადაქანდეს. ძალიან არასტაბილურია. კარგად დამამახსოვრდა ეს განმარტება.
იგივე პროცესს აკვირდებით ახლა საქართველოში?
ნაკლებად სტაბილურად და ერთიანად ჩანს – აქ ორი აზრი არ არსებობს. პროტესტი გრძელდება. შემცირდა, მაგრამ პროტესტი მაინც არის. კანონები იცვლება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს კანონები ძალიან ჰგავს რუსულ კანონებს. მე ველაპარაკე ქართველ მაღალჩინოსანს – მითხრა, რომ „არა, ეს კანონები არ ჰგავს რუსულ კანონებს, ჩვენ ეს კანონები გვჭირდება, ჩვენ საშიშ სამეზობლოში ვართ, ჩვენ ვერ ვიქნებით რიგითი ევროპული ქვეყანასავით“ – ეს მითხრა. ვფიქრობ, ეს ქვეყნისთვის ფსიქოლოგიური შემობრუნების წერტილია – ვინ არის საქართველო? რა არის საქართველო? ვფიქრობ, ბევრი ადამიანი სვამს დღეს ამ კითხვას. სად არის საქართველოს ადგილი? მე მჯერა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. მჯერა, რომ მისი სახლი ევროპაშია. მაგრამ კიდევ ერთხელ – ეს ისტორიაში ძალიან რთული პერიოდია: „კი – ევროპაში მივდივართ, ოღონდ სხვანაირი ევროპა გვინდა“. შესაძლოა, უფრო კონსერვატორული ევროპა – იქნებ, საერთოდ, განსხვავებული ღირებულებებით. ვაკვირდები და ვცდილობ, გავერკვე.
თქვენ წიგნის ავტორი ხართ – ჩემი რუსეთი: რა ვნახე კრემლში ..
დიახ. როგორც იქნა, დავწერე. თქვენც გაქვთ დაწერილი წიგნი..
15 წლის რომ ვიყავი.. როგორია თქვენი რუსეთი? რა არის თქვენი რუსეთში?
ჩემი რუსეთი დავარქვი – იმიტომ, რომ მე ამერიკელი ვარ. რუსი არ ვარ. მაგრამ დიდი დრო მაქვს გატარებული რუსეთში. სკოლაში ვსწავლობდი რუსულს. რუსეთით დავინტერესდი, როცა 13 წლის ვიყავი – რატომ, წარმოდგენა არ მაქვს. სლავური წარმოშობის არ ვარ. ირლანდიური სისხლი მაქვს, ინგლისური, მაგრამ არა – რუსული. რუსულ ენას ვსწავლობდი სკოლაში, კოლეჯში. შემდეგ გაცვლითი სტუდენტი ვიყავი ლენინგრადში, 1970–იან წლებში. შემდეგ დავბრუნდი რუსეთში – დიდი ხნით – სულ ბოლოს რუსეთში მაშინ ვიყავი, როცა სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდა უკრაინაში, 2022 წლის, თებერვალში. ახლა ვეღარ მივდივარ – ამერიკელებისთვის რუსეთში შესვლა რეკომენდებული არ არის. ჩემი რუსეთი ძალიან რთული ადგილია. პატივს ვცემ რუსულ კულტურას, მუსიკას, ხელოვნებას, მომწონს მისი საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობა. მომწონს რუსი ხალხი – უცნაურია, მაგრამ ძალიან ინდივიდუალისტები არიან, კარგად გამოკვეთილი პიროვნული მახასიათებლებით – მაგრამ ამ ისტორიას მეორე მხარეც აქვს – რუსეთს არასდროს ჰქონია დემოკრატიული გაძლიერების თუ განვითარების გრძელი პერიოდი. ელცინი ხელისუფლებაში დიდხანს არ ყოფილა. 1999 წლიდან რუსეთს უკვე პუტინი მართავს. ეს მხოლოდ 8 წელია საბჭოთა კავშირის დაშლიდან. ისტორიისთვის ეს არაფერია. დემოკრატიისთვის აუცილებელი ინსტიტუტები – ყველა პერიოდში სხვადასხვანაირი იყო – ცარიზმის პერიოდში, მერე ბოლშევიზმი, კომუნიზმი. საქართველოს დამოუკიდებლობის უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1918–1921 წლებს შეხედეთ. პირველი რესპუბლიკის პერიოდს. თქვენ ძალიან დასავლურები ხართ. პარლამენტი მუშაობს. ქალთა გაძლიერების ცნება გესმით. იმ პერიოდშიც კი. ეს გასაოცარია. საქართველოს უფრო დიდი და უფრო ხანგრძლივი დასავლური ისტორია აქვს, ვიდრე რუსეთს. თუმცა, მჯერა, რომ რუსებს შეუძლიათ დემოკრატიის დამყარება. არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ გენეტიკურად არის ეს შეუძლებელი. ეს დიდი დისკუსიაა. „რუსებისგან შეუძლებელია გქონდეთ დემოკრატიის მოლოდინი“ – არა, ეს ასე არ არის. მათ ეს შეუძლიათ. მაგრამ დღეს ეს ძალიან რთულია. იმიტომ, რომ დღეს რაღაც სხვა წყობაა. ავტორიტარული ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ დგას კაპიტალიზმზე, მაგრამ ეს ძალიან მტაცებლური, გაუმაძღარი კაპიტალიზმია. სულ ვიხლიჩები. ჩემს თავს ვიხსენებ, როცა სტუდენტი ვიყავი, საბჭოთა კავშირის დაშლამდე და რუსეთში ვმუშაობდი – ჩავიდოდი, ვნახავდი ჩემს მეგობრებს, კარგ დროს გავატარებდი და წამოსვლა არ მომინდებოდა, მაგრამ მერე ვბრუნდებოდი შეერთებულ შტატებში და ვფიქრობდი – მადლობა ღმერთს, იქ აღარ ვარ. იმიტომ, რომ რთული იყო იქ ყოფნა. და შემდეგ, ძალიან ცოტა ხნის შემდეგ – ისევ ვიტყოდი – აბა, როდის მივდივარ? არ ვიცი. ასე იყო.
მოდი, ცოტა დრო ჩვენს პროფესიაზე საუბარსაც დავუთმოთ.
დიახ. რა თქმა უნდა.
ამ ცვლილებებით სავსე პერიოდში – სოციალური მედია, ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიური გარღვევები – დეზინფორმაცია, მისინფორმაცია, პროპაგანდა – როგორ ართმევს თავს ჩვენი პროფესია ამ გამოწვევებს?
თქვენც ამ ბიზნესში ხართ ..
დიახ, ვარ ..
და თქვენც იცით ეს გამოწვევები. ვფიქრობ, ჟურნალისტიკა საფრთხეშია. ბევრ ქვეყანაში – სრულიად პირდაპირ, მთავრობების მხრიდან. ტელეარხები იხურება ან გავლენის ქვეშ ექცევა – ბევრ ქვეყანაში. მთავრობები მედიის კონტროლის მიზანს არგებენ კანონებს. ბევრი სხვადასხვა ქვეყანა მახსენდება, სადაც მთავრობა თავს სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანებით იმართლებს. ციტატებად ეს ამბავი ასე იშლება – „ჟურნალისტი კი მუშაობს, მაგრამ მისი საქმიანობა ეროვნული უსაფრთხოებისთვის საზიანოა, ამიტომ უნდა გავაკონტროლოთ“. მოქალაქეები ამას იჯერებენ. ისინი ფიქრობენ – „დარტყმის ქვეშ ვართ, იქნებ, ჟურნალისტებმა მართლა არ უნდა ისაუბრონ ღიად“. რა ვთქვა, ამ მსჯელობას არ ვეთანხმები. არ ვეთანხმები! დიახ, შეიძლება არსებობდეს ძალიან იშვიათი შემთხვევა, როცა ინფორმაცია უნდა დაიცვა, რადგან ქვეყანას შეიძლება ბირთვული იარაღით დაესხან თავს – მაგრამ უფრო ხშირად, ასე ითქმება – მზე საუკეთესო ...
... დეზინფექტორია.
დიახ. დეზინფექტორია..
ჩემი საყვარელი გამოთქმაა.
ზუსტად. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით დღეს – იმიტომ, რომ როცა მე შევდგი ფეხი ჟურნალისტიკაში, 40 წლის წინ – ძალიან განსხვავებული საქმე იყო. ბევრად მარტივი იყო. დღეს ძალიან კომპლექსურია. თქვენ ახსენეთ ხელოვნური ინტელექტი. ყალბი ინფორმაცია. რიგითი მოქალაქეების შესაძლებლობა გაარჩიონ – რა არის მართალი და რა – ტყუილი. ამასთან, პოლიტიკოსები გვყავს, რომლებიც ამბობენ – „ეს ყალბი ინფორმაციაა, არ დაიჯეროთ – მე დამიჯერეთ, მე ვარ თქვენი ლიდერი, თქვენს კარგ რამეს ვაკეთებ, მე გიცავთ თქვენ. არ დაუჯეროთ ჟურნალისტებს“. ესეც ძალიან საშიშია. მაგრამ მოქალაქეებმა შეიძლება ეს ყველაფერი დაიჯერონ. ვფიქრობ, დღეს, ნებისმიერ ქვეყანაში რიგითი მოქალაქეებისთვის წვდომა მართალ ინფორმაციაზე რთულია. გარეთ მართლა ბევრი ინფორმაციაა – იმაზეც მეტიც კი, რის გადამუშავებაც შეიძლება საერთოდ მოვასწროთ – მაგრამ ზოგჯერ გათვლაც სწორედ ისაა, რომ დავიბნეთ. იმდენად დავიბნეთ, რომ არაფერი გავაკეთოთ. რომ ჩვენ, როგორც მოქალაქეები, კუთხეში დავსხდეთ და ვთქვათ – „ძალიან რთულია ეს ყველაფერი, არაფრის თავი აღარ მაქვს, ჩემს ნაჭუჭში ჩავიკეტები და თავს ასე დავიცავ, არაფერს ვიზამ“. ეს არის ზუსტად რაც გარკვეულ პოლიტიკოსებს უნდათ – მოქალაქეები, რომლებიც არაფერში ერთვებიან. ბევრ ქვეყანაში ვხედავ ამ ტენდენციებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა გაიაზრონ, რომ აქტიური, ჩართული მოქალაქეები უნდა იყვნენ – თავიანთ გამოც და თავიანთი საზოგადოების გამოც – იმ ხალხის გამო, ვინც მათ უყვართ და თავიანთი ქვეყნის გამო.
ვფიქრობ, ჩვენი საქმე კიდევ უფრო მეტად რთულდება, როცა საზოგადოება გახლეჩილია, როცა პოლარიზაციის ხარისხი მაღალია. რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჟურნალიზმის სახე შევინარჩუნოთ და აქტივისტებად არ ვიქცეთ?
დავსვათ კითხვები. ყველაფერს კრიტიკული თვალით შევხედოთ. რეალობა ეძებეთ. დიდი დისკუსიაა ყოველთვის იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს სიმართლე. ვფიქრობ, ამ დისკუსიას არსაით მივყავართ. ერთის სიმართლე, მეორისთვის ტყუილია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფაქტები. შემდეგ – რაც შეიძლება დამოუკიდებელი და ობიექტური იყავით, როცა ახსნით შეგროვილ ინფორმაციას. ყოველთვის გახსოვდეთ, რა არის ჟურნალისტიკის მიზანი. ჩემთვის, მაგალითად, ჩემი, როგორც ჟურნალისტის მიზანია, ავხსნა მსოფლიო. დღეს მე ვცდილობ ავხსნა – და ამ დრომდე ლაივ ჩართვები მაქვს CNN-ზე ისეთ თემებზე, რაც უკავშირდება რუსეთს და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს – ვმუშაობ ორ კვლევით ორგანიზაციასთან და ვასწავლი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში – ბევრ რამე ვაკეთებ – მაგრამ ჩემი საქმეა, ავხსნა მოვლენები, ფაქტები. შევხედო ამ დამაბნეველ სურათს და ვთქვა – „იქნებ, აქეთ მივდივართ, იქნებ ეს ხდება“. ვცდილობ, ეს საქმე რაც შეიძლება კეთილსინდისიერად ვაკეთო. და მიმაჩნია, რომ დღეს ამისთვის ძალიან სახიფათო პერიოდია. ევროპაში ომია. უკრაინაში ამ წუთებშიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი ომი მიმდინარეობს. რამდენიმე კვირის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ირანში იქნებოდა ომი, რეგიონის ქვეყნების ჩართულობით და გლობალური იმპლიკაციებით. როგორც ჩანს, ამ არაპროგნოზირებადობასთან ერთადაც უნდა ვიცხოვროთ.
ჩანს, ასეა, ნამდვილად. მაშინ რა არის ჟურნალიზმის უნივერსალური პასუხი? ასეთი არსებობს? თუ იქნებ, რამე ახალი ხერხებია საჭირო – იქნებ, ზევით არ ვიყურებით, როგორც იმ ცნობილ ფილმშია? რა შეიძლება გააკეთო, როცა მთავრობა ყველა ხერხით ცდილობს, კრიტიკული კითხვა უბრალოდ არ ისმოდეს?
გამოსავალი მაინც ისაა, რომ კითხვა ისმოდეს. შიშის და ანგარების გარეშე. საჭირო კითხვები. ამერიკაშიც ვხვდები ამას და სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც, იგივეა – შეიძლება მარტივი კითხვების დასმა – როგორ გავლენას მოახდენს ეს მოქალაქეებზე? ამერიკის მაგალითზე გეტყვით – ირანის ვითარება – შეიძლება იკითხოთ, რამდენად გეოპოლიტიკურად გამართლებულია შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, მაგრამ ასევე შეიძლება იკითხოთ, ამ ყველაფერს რა გავლენა ექნება რიგით ამერიკელზე – საწვავის ფასი, საკვების ფასი, დაგეგმვის შეუძლებლობა. კონკრეტული კითხვები და დამატებითი, დამაზუსტებელი კითხვა. ხშირია შემთხვევა, როცა პოლიტიკოსი რაღაც კითხვას უპასუხებს და მორჩა, ამით დამთავრდა. არადა, დამაზუსტებელ კითხვაში შეგიძლიათ გავლენის ხაზგასმა – რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ხალხისთვის? დაეხმარება ხალხს თუ ხელს შეუშლის? რა გავლენა ექნება?
შეჯამებისთვის – რა გინდათ, რომ დარჩეს ჩვენს მაყურებელს ჩვენი დიალოგიდან დღეს თქვენს მთავარ გზავნილად?
აქ ვარ საქართველოში. აქ ვიყავი 50 წლის წინ და ახლაც აქ ვარ. ვიყურები და ვამბობ, რამდენი რამე შეიცვალა – საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მაინც – ზოგიერთი ფაქტორი, მაგალითად, ის, რომ რუსეთს უნდა საქართველო უკან დაწიოს – მსგავსია სხვა პოსტ–საბჭოთა ქვეყნების შემთხვევაშიც – ეს აჩენს კითხვას ამ ქვეყნებში, დღეს უკვე დამოუკიდებელ ქვეყნებში მცხოვრები ხალხის მიმართ – ვინ არიან ისინი? ეს ხალხმა უნდა განსაზღვროს. ჩემს იდეებს ვქადაგებ ახლა, მაგრამ ამის მართლა მჯერა, რომ ყველაფერი ინდივიდამდე დადის – ერთი ცხოვრება გაქვთ. სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, მოგინდებათ, საუკეთესოდ გაატაროთ ეს ერთი ცხოვრება. თეორიული საუბრები – მაგალითად, დემოკრატიაზე – მაგიდაზე პურს ვერ დადებს. კონკრეტული პოლიტიკა, კანონმდებლობა გჭირდებათ, რაც თქვენი ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო. რა გინდათ თქვენი ქვეყნისთვის? თუ ნამდვილად გიყვართ თქვენი ქვეყანა – გიყვართ თქვენი ოჯახი – გიყვართ საკუთარი თავი – მაშინ თქვენი ქვეყნისთვის საუკეთესო უნდა გინდოდეთ. ამას ხშირად ბევრი შრომა სჭირდება. მოქალაქეებს აქვთ ეს პასუხისმგებლობა.
ჩემი ბოლო კითხვა: თქვენ როგორ განმარტავთ საქართველოს? ეს პოსტ–საბჭოთა ქვეყანაა თქვენთვის თუ უბრალოდ – საქართველო?
რა თქმა უნდა, ეს საქართველოა. რუსთაველზე ჩავივლი და რუსთაველის ვეფხისტყაოსანი შემიძლია წავიკითხო. საქართველო აქ იყო დიდი, დიდი ხნით ადრე, თავისი უნიკალური კულტურით და ცივილიზაციით. საქართველო არ გაქრება. სულ იქნება. საქართველო ჩემთვის უნიკალური ქვეყანაა – დიახ, ბევრი რამ გამოუვლია – იმპერიალისტური რუსეთი, ბოლშევიზმი, კომუნიზმი – ეს არ განსაზღვრავს საქართველოს. საქართველოს ჰქონდა საბჭოთა ასპექტები, მაგრამ ჩემთვის, საქართველო არასდროს ყოფილა ბოლომდე საბჭოთა. ბნელ დროშიც კი. ყოველთვის საქართველო იყო. ჩემმა რუსმა მეგობრებმაც კი იციან ეს. მათ იციან, რომ საქართველო ყოველთვის განსხვავებული იყო. მიხარია, რომ საქართველომ შეინარჩუნა თავისი ენა, კულტურა. მიმაჩნია, რომ საქართველოში ჭკვიანი ხალხი ცხოვრობს. ვფიქრობ, საქართველო მეორე ნაპირზე გავა. მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ. ძალიან დამაბნეველი, სახიფათო და პოლიტიკურად ქაოტური მსოფლიოა, სადაც დღეს ვცხოვრობთ. ამ ყველაფერში მარტო არ ხართ. თქვენი პრობლემები გაქვთ, მაგრამ მარტო არ ხართ. თუ გაუძლებთ, თავს გაართმევთ.




























