მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვგეგმავთ ცალკე ავთენტიფიკაციის ჰაბის გაკეთებას საქართველოში“ – „Phubber“

64199c0979526
ნანუკა ნარიმანიძე
22.03.23 00:20
544
სამოსისა და აქსესუარების გაყიდვების ქართული პლატფორმა Phubber-ი ავთენტიფიკაციის ჰაბის გაკეთებას გეგმავს, ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ანანო დოლაბერიძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.

„გვინდა გლობალურად მოვემსახუროთ ყველა ქვეყანას, ვგეგმავთ ჰაბის გაკეთებას საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, არა მხოლოდ Phubber-ი , არამედ კომპანია, რომელიც იქნება ავთენტიფიკაციის,მოემსახურება საერთაშორისო ბაზარზე ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც დააინტერესებს მისი ნივთი ორიგინალია თუ არა, ამ პროექტზე აქტიურად ვმუშაობთ და გვინდა ავთენტიფიკაციის ჰაბი შემოდგომისთვის ჩავუშვათ ბაზარზე“ - განმარტა მან.

ამასთან, სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დამფუძნებელი ამბობს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში Phubber-ი აპრილიდან ამოქმედდება.

„საწყის ეტაპზე, ვინაიდან კონკურენტი არ გვყავს,რეგიონული გეზი გვაქვს აღებული, გვინდა რეგიონში გავხდეთ წარმატებულები, შემდეგ კი შევუერთდეთ საერთაშორისო და გლობალურ პლატფორმებს. ბაქოში, ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე შოურუმს გავხსნით, სომხეთში, ჯერ-ჯერობით, როგორც ონლაინ პლატფორმა, ისე შევალთ, სამომავლოდ განიხილება ბულგარეთისა და რუმინეთის ბაზრებიც“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ Phubber-ი ორიენტირებულია ქართველი ადამიანების დასაქმებაზე.
„სხვადასხვა გამოცდილების მიღების შემდეგ მივხვდით, რომ გვაქვს იმის რესურსი, დავასაქმოთ ბევრი ქართველი ადამიანი და გლობალურად ვამუშაოთ თანამშრომლები, შესაბამისად, დიზაინის, მარკეტინგის, ტექნოლოგიური მიმართულებისა და ავთენტიფიკაციის მიმართულებით საქართველო მოემსახურება ყველა ქვეყანას, სადაც კომპანია გავა“, - თქვა მან.

სირთულეებზე საუბრისას, ანანო დოლაბერიძე განმარტავს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა კომპანიისთვის რუსეთ-უკრაინის ომი იყო.

„ჩვენ 7-8 თვე ვმუშაობდით უკრაინაში გასვლაზე, გვყავდა ადგილობრივი გუნდი და გვქონდა შეხება უკრაინელ ადამიანებთან, ეს პერიოდი ჩვენთვის, როგორც ყველა ქართველისთვის, ძალიან სტრესული იყო. Phubber-ი უკრაინაში ისევ არის, მაგრამ ვხვდებით, არ არის იმის მზაობა, ვინმემ რამე შეიძინოს, ჩვენ უკრაინის ბაზარს ვუყურებთ ისე, როგორც მოწოდების მარკეტს, ჩვენი მთავარი მიზანია მათი პროდუქტი გავყიდოთ და მათ ისე დავეხმაროთ, როგორც შეგვიძლია, სწორედ ამიტომ, შევიმუშავეთ ახალი გეგმა და დავიწყეთ საერთაშორისო გაყიდვები, უკრაინიდან ჩამოგვაქვს ნივთები და ვყიდით, ეს პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და 200-ზე მეტი უკრაინელი ბრენდი და დიზაინერი დარეგისტრირდა“ - დასძინა მან.

ცნობისთვის, Phubber-ი 2019 წელს გაეშვა და საქართველოში ტანსაცმლისა და აქსესუარების ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა, კომპანიას მხოლოდ საქართველოდან 200,000 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. დღეს პლატფორმაზე 800-ზე მეტი დიზაინერი და ბრენდია წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები