მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას“ - გარემოს საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი

634fb9accd89e
ვიქტორია მღებრიშვილი
19.10.22 12:45
499
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს და ამიტომ საჭიროდ მიიჩნევს, დაკავებული თანამდებობა დატოვოს.

„დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაეცეს“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გიგა გიგაშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანი 12 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზეიმოდ გახსნა. 13 ოქტომბერს კი შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მოზარდები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მოზარდი - 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 9 პირი. მათ შორისაა თბილისის მერიის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები