ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, წყალტუბოსთვის აუცილებელია, ბალანსის დაცვა კულტურულ მემკვიდრეობასა და კურორტის განვითარებას შორის. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო ხედვის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, წყალტუბოს ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ბევრია გაკეთებული, მაგრამ კურორტის განვითარება შეუძლებელია იმ ძველი ობიექტების ამოქმედების გარეშე, რაც წყალტუბოში ასე მრავლად და უფუნქციოდ არის და სწორედ ამას ემსახურება წყალტუბოს გენგეგმის შექმნა.
„კონკურსში მონაწილე 3 კომპანიის პრეზენტაციებში გენგემის ერთ-ერთი წამყვანი ნაწილია ეკონომიკური განვითარება. 15 საპრივატიზაციო ობიექტიდან თითოეულის ღირებულება უნდა შეფასდეს და ვიმსჯელოთ ერთის მხრივ, როგორც პოტენციურად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე და მეორეს მხრივ, აუცილებლად უნდა დავიცვათ ბალანსი კულტურულ მემკვიდრეობასა და განვითარებას შორის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, პირველ ეტაპზე, წყალტუბოს ობიექტების ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო პოტენციალის შეფასების შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო საინვესტიციო კონკურსს გამოაცხადებს.
„პირველ ეტაპზე, საინვესტიციო კონკურსის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ძველი სასტუმროების პრივატიზება, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, გენგეგმის საფუძველზე, ნებისმიერ სხვა ინვესტორსაც ექნება საშუალება უკვე გეგმაზომიერი გენგეგმის მიხედვით განახორციელოს თავისი ინვესტიცია წყალტუბოში”, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსიტრმა.
მაია ცქტიშივილის თქმით, წყალტუბოში სხვადასხვა პროექტების განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს დასაქმებას, ტურისტული ფუნქციის გაფართოებას და რეგიონის განვითარებას.
„დაახლოებით, 20 000-მდე ადამიანი შეიძლება დასაქმდეს წყალტუბოს სასტუმროების და ბიზნესის მომსახურებაში. აუცილებელი,ა ქალაქის ტურისტული ფუნქციის დატვირთვის გაფართოება არა მხოლოდ ბალნეოლოგიური კურორტის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მეტი ინვესტიციის განხორციელება, წყალტუბოსთან ერთად, ხელს შეუწყობს ქუთაისის განავითარებას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.