მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 7-13 ოქტომბერი

ირაკლი კობახიძე

გთავაზობთ გასული კვირის - 7-13 ოქტომბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $48.5 მილიონი გაყიდა

8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის რიგით მეოთხე სავალუტო აუქციონი განახორციელა და ლარის კურსზე დაწოლის შესამცირებლად გასაყიდად 60 მილიონი დოლარი გამოიტანა. სებ-ის ინფორმაციით, გამოტანილი 60 მილიონი დოლარიდან ბაზარმა 48.5 მილიონი დოლარი აითვისა.

ეროვნული ბანკმა აუქციონის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტება 8 ოქტომბერსვე გააკეთა. სებ-ის ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც კურსზე წნეხი წარმოშვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამას თან დაერთო ქართული კომპანიის მიერ დივიდენდის გეგმური გაცემაც, რაც სებ-ის შეფასებით მსხვილ ერთჯერად ტრანზაქციაა და მისი განეიტრალებისთვის ბაზარზე ლიკვიდობის მიწოდება არის მნიშვნელოვანი.

საქართველოს სავალუტო რეზერვები შემცირდა

2024 წლის სექტემბრის სავალუტო რეზერვების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ თვეში ოფიციალური სავალუტო რეზერვები 126 მილიონი დოლარით შემცირდა და მან 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

იმის გათვალისწინებით, რომ 8 ოქტომბერს სებ-მა 48.5 მილიონი დოლარი გაყიდა, ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა შესაძლოა კიდევ შემცირდეს.

2024 წლის იანვართან შედარებით რეზერვების მოცულობა 141 მილიონი დოლარით არის შემცირებული, ხოლო წლიურ ჭრილში კი კლება $561 მილიონი დოლარი, ანუ 11%-ია.

ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა

ბათუმის შემოვლითი 14-კილომეტრიანი გზა გაიხსნა - საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალი გზას აუქცევს ბათუმს და მას სატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთავს. ბათუმის შემოვლით გზაზე ხელშეკრულება 2017 წლის აგვისტოში გაფორმდა. პროექტს თურქული სამშენებლო/საინჟინრო კომპანია POLAT YOL & MAPA ასრულებს, ხოლო სამუშაოების ღირებულება 329.6 მილიონ ლარს შეადგენს. კონტრაქტის მიხედვით, ახალი გზა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა კონტრაქტორის მიერ პროექტის დაბალი ათვისების, ასევე რთული გეოლოგიური პირობების გამო, ის 4 წლით გაჭიანურდა და მხოლოდ 2024 წლის ბოლოს დასრულდა.

ბათუმის შემოვლითი გზის სიგრძეა 14 კილომეტრი და ის 20 ხიდისა და 5 გვირაბისგან შედგება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) საკრედიტო დაფინანსებით განხორციელდა.

კახეთის 35-კილომეტრიანი მაგისტრალი გაიხსნა

კახეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა, რომელიც თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთს წარმოადენს.

მაგისტრალი გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს (ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდას, საგარეჯოს), რითაც განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, გაანახევრებს გადაადგილების დროს და სამჯერ გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალურ გზაზე აშენდა 35 კმ-იანი ასფალტ-ბეტონისა და ცემენტბეტონის 4-ზოლიანი გზა, 46 საავტომობილო, 4 სარკინიგზო და 1 სამელიორაციო ხიდი, მოეწყო 8 მიწისქვეშა გადასასვლელი, 148 წყალგამტარი და 19 სამელიორაციო მილი. გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 533 502 661 მილიონი ლარით დაფინანსდა.

2024 წლის 9 თვეში საქართველოში 5 794 661 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 4.1%-ია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, 2024 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოს 5 794 661 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წლიურად 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 5 043 663 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის 9 თვესთან შედარებით 4.5%-ით არის გაზრდილი. აქედან იანვარ-სექტემბერში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა და ეს რიცხვი 9.2%-ით გაიზარდა, ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა კი 10.4%-ით 1 050 821 ვიზიტამდე შემცირდა.

ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

  1. რუსეთი - 1 111 004 ვიზიტი, კლება - 3.3%;
  2. თურქეთი - 1 060 285 ვიზიტი, კლება - 2%;
  3. სომხეთი - 732 271 ვიზიტი, კლება - 0.5%;
  4. ისრაელი - 229 739 ვიზიტი, ზრდა - 25.8%;
  5. აზერბაიჯანი - 163 207 ვიზიტი, ზრდა - 10.9%;

5G ინტერნეტის აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ "მაგთიმ" მიიღო

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 5G ინტერნეტის ლიცენზიის მოპოვებისთვის გამოცხადებულ ხელმეორე აუქციონში მონაწილეობას ამჯერად მხოლოდ "მაგთი" იღებს.

ანალოგიური აუქციონი კომუნიკაციების კომისიამ 2023 წელსაც გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს "მაგთიმ" და "სილქნეტმა", რაც უკავშირდებოდა კომუნიკაციების კომისიის მიერ პირველი აუქციონისთვის დადგენილ პირობას, რომ აუქციონში მონაწილეობის მიმღებ კომპანიებს ევალებოდათ საკუთარ ქსელში MVNO ოპერატორების სავალდებულო დაშვება, რაც "მაგთისთვის" და "სილქნეტისთვის" მასში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი გახდა. შესაბამისად, გასულ წელს აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ "სელფი მობაილმა" მიიღო და დღესდღეობით 5G ლიცენზიას მხოლოდ ის ფლობს, თუმცა მას მალე "მაგთიც" შეემატება. კომუნიკაციების კომისიის მიერ აუქციონზე გამოტანილი კომბინირებული სიხშირეების პაკეტების საერთო ღირებულება 37 მილიონ ლარს შეადგენს.

სამგზავრო გადაყვანების რეგულაცია

მომავალი წლის ივნისიდან საქართველოში ერთმანეთთან 150 კმ დაშორებულ ქალაქებს შორის მიკროავტობუსებით და მინივენებით მგზავრების რეგულარული გადაყვანა იკრძალება. ტექნიკური რეგლამენტით, თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა და თელავს შორის საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა M3 კატეგორიის (ავტობუსებით) ავტოსატრანსპორტო საშუალებით უნდა მოხდეს.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე BM.GE-სთან ამბობს, რომ მიზანი უსაფრთხო და კომფორტული მგზავრთგადაყვანის სისტემის შექმნაა.

გამყრელიძის თქმით, მიკროავტობუსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ავტობუსის მძღოლები გახდნენ და უმუშევარი არავინ დარჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები