ვიდეო ზარების ცნობილი პლატფორმა Omegle, 14 წლის შემდეგ არსებობას წყვეტს - მიზეზი პლატფორმაზე გავრცელებული ძალადობაა.
Omegle ვებ-საიტია, რომელიც ერთმანეთისთვის უცნობ ონლაინ მომხმარებლებს ერთმანეთთან ვიდეო ზარით აკავშირებდა. პლატფორმა განსაკუთრებით პოპულარული ბავშვებსა და მოზარდებში კოვიდპანდემიის დროს გახდა. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში Omegle-ს სახელი რამდენიმე სასამართლო საქმეში ფიგურირებს, რომლებიც ძალადობასა, უხამს ქმედებებსა და პედოფილიას შეეხება.
მისი დამფუძნებლის, ლიფ ბრუკსის თქმით, Omegle-ს ადამიანები არამიზნობრივად იყენებდნენ, მათ შორის “ამაზრზენი დანაშაულის” ჩასადენადაც, რის გამოც პლატფორმის არსებობა პრობლემაა.
Omegle პირველად 2009 წელს ამოქმედდა და ბრუკსის მიზანი, მისივე თქმით, “პლატონური იდეალის საპოვნელად ახალ ადამიანებთან დაკავშირება” იყო. იგი ფიქრობდა, პლატფორმის უსაფრთხოებას მომხმარებელთა ანონიმურობა უზრუნველყოფდა.
ვებგვერდს ყოველთვიურად 73 მილიონამდე აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, ყველაზე მეტი კი ინდოეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, მექსიკიდან და ავსტრალიიდან.
გამოძიება მცირე წლოვანი ბავშვებისა და კრიმინალების ვიდეო ზარით დაკავშირების საქმეებზე კვლავ მიმდინარეობს. მათ შორის ერთი შემთხვევა ჯერ კიდევ 10 წლის წინ მოხდა, თუმცა სარჩელი მხოლოდ 2021 წელს შეიტანეს.
პლატფორმის წარმომადგენლობა სასამართლოში ამტკიცებდა, რომ Omegle “თავდამსხმელების სამოთხე” არ არის და დანაშაულში ბრალი არ მიუძღვის.
Omegle-ს გაუქმებას ინტერნეტი შერეული რეაქციით შეხვდა - მომხმარებლების ნაწილი ფიქრობს, რომ პლატფორმის დახურვა ინტერნეტ თავისუფლების გაუქმებას ნიშნავს და ეს “ეპოქის დასასრულია”.
ცნობისთვის, Omegle-ს ყოველთვიური შემოსავალი, საშუალოდ, $14.4 მილიონი იყო.