მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში გამოიყენებს Foodly GITA-ს ₾25 000-ლარიან გრანტს? - სტარტაპის გეგმები

FOODLY

Foodly მაისის ბოლომდე 50-მდე კვების ობიექტის მიერთებას გეგმავს, - ამის შესახებ BM.GE-ს სტარტაპის თანადამფუძნებელმა და ვებდეველოპერმა, დავით გახოკიამ განუცხადა.

Foodly ვებგვერდია, რომელიც რესტორნებისა და კვების ობიექტების ერთიან სისტემაში აქცევს. მომხმარებელს შესაძლებლობას აქვთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული რესტორნები თავიანთი განწყობის, ფართის, სურვილისა და მენიუს მიხედვით აარჩიონ და დისტანციურად სასურველი მენიუც კი შეუკვეთონ. უნდა აღინიშნოს, რომ Foodly იმ სტარტაპებს შორისაა, რომლებმაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების რეგიონების განვითარების 25 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვეს.

კომპანიის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ძირითადად ბათუმში არსებულ კვების ობიექტებს მოიცავენ, რადგან თავად ბათუმიდან არიან. თუმცა გეგმაში საქართველოს მასშტაბით არსებული რესტორნების დაფარვაა.

„ამ ეტაპზე, სერვისი ვებგვერდის ფორმატითაა წარმოდგენილი, თუმცა აპლიკაციაზე დაახლოებით თვე-ნახევარია ვმუშაობთ და ვფიქრობთ, APP-ი ზაფხულის დასაწყისში ჩაეშვება. ცოტა ხნის წინ, 25 000 ლარის ოდენობით GITA-ს გრანტი მოვიპოვეთ, რომლის ძირითად ნაწილს აპის გამართვაში დავხარჯავთ, ხოლო გარკვეულ ნაწილს რესტორნებთან კომუნიკაციის პროცესის დახვეწისკენ მივმართავთ.

ამ ეტაპზე, კომპანიაში 3 ადამიანი ვართ დასაქმებული, თუმცა GITA-ს გრანტის ფარგლებში გაფართოებასა და ტექნიკურ ნაწილში, რამდენიმე კადრის დამატებას ვაპირებთ. ვგეგმავთ, რომ 7 ადამიანამდე გავიზარდოთ.

ინტერესი სერვისზე დიდია, თუმცა ცნობადობა გვაკლია. ბათუმში ამჯერად 21 რესტორანთან, 1 რესტორანს ზუგდიდში, ხოლო 2 რესტორანთან ქუთაისში ვთანამშრომლობთ. ამჟამად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის ბრენდულ რესტორნებთან. შესაბამისად, მაისის ბოლოს 50-მდე რესტორნის დაფარვას ვგეგმავთ“, - აცხადებს გახოკია.

მისივე ცნობით, დაპარტნიორების პროცესში კომპანია მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა, რადგან რესტორნები სერვისის ონლაინ მიწოდებას სკეპტიკურად უყურებდნენ.

აღსანიშნავია, რომ სერვისის მიღება მომხმარებლებისთვის სრულიად უფასოა. ასევე უფასოა განთავსება რესტორნებისთვისაც. კვების ობიექტებს სიმბოლური თანხის გადახდა იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუ მათ დამატებითი სერვისის ან სარგებლის მიღება მოუნდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები