საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედმა სტარტაპ ინკუბატორმა და ინოვაციების პლატფორმა NQUBATOR-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მემორანდუმის მიზანია სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება და ქართული სტარტაპებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობების გაფართოება.
„მემორანდუმის ფარგლებში ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ორმხრივი ჩართულობით მენტორობის, საკონსულტაციო მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა იგეგმება. თანამშრომლობა ქართული სტარტაპებისთვის სპეციალური აქსელერაციის რაუნდებისა და მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების შესაძლებლობებს ითვალისწინებს.
თანამშრომლობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი ღონისძიებების, ვორქშოფების, დემო დღეებისა და პარტნიორებთან კავშირების დამყარების სესიების ორგანიზება. ქართული სტარტაპები საერთაშორისო კორპორაციულ პარტნიორებსა და ინვესტორებს დაუკავშირდებიან პილოტური პროექტებისა და გლობალური მასშტაბირების მიზნით. აღნიშნული პარტნიორობა ხელს შეუწყობს ქართული სტარტაპების კონკურენტუნარიანობის ზრდას და გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციას“, - აცხადებენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.
მისივე ცნობით, NQUBATOR არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში დაფუძნებული სტარტაპ ინკუბატორი, აქსელერატორი და ინოვაციების პლატფორმაა. ის სტარტაპებს იდეების მასშტაბურ და ბაზარზე ორიენტირებულ ბიზნესებად გარდაქმნაში ეხმარება. ორგანიზაცია ფოკუსირებულია უძრავი ქონების, გარემოსდაცვითი და ციფრული კომერციის ტექნოლოგიების მიმართულებებზე.
დამატებითი ინფორმაცია NQUBATOR-ის შესახებ: https://www.nqubator.com/
























