2025 წელს საქართველოში გამოწერილი ვიდეოჯარიმების რაოდენობა გაიზარდა. შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ჯამურად, ქვეყანაში 3 332 037 ვიდეოჯარიმა გამოიწერა, მაშინ როცა 2024 წელს მათი რაოდენობა 3 001 397 იყო. რთული სათქმელია რამ გამოიწვია ჯარიმების რაოდენობის ზრდა, თუმცა ეს შესაძლოა, გზებზე ვიდეოკამერების რაოდენობის ზრდითაც იყოს განპირობებული.
რაც შეეხება თანხას, ოფიციალური სტატისტიკით, ვიდეოჯარიმებით დარიცხულმა თანხამ გასულ წელს 231 754 040 ლარი შეადგინა, მათგან დაახლოებით ნახევრის შემთხვევაში, დაჯარიმებულებმა 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლეს. დარიცხული ჯარიმის საშუალო მოცულობა 70 ლარი იყო. 2025 წელს, ჯარიმების ყველაზე დიდი ნაწილი - დაახლოებით 1,5 მლნ თბილისში გამოიწერა, დანარჩენი კი - რეგიონებში, რომელთა შორისაც შიდა ქართლი და იმერეთი ლიდერობენ.
2024 წელს კი დარიცხული ვიდეოჯარიმების თანხა 187 612 060 ლარი იყო, მაშინაც ვიდეოჯარიმების დაახლოებით ნახევარი 20%-იანი ფასდაკლებით გადაიხადეს.
აღსანიშნავია, რომ თუ ვიდეოჯარიმას დაჯარიმებიდან 10 სამუშაო დღეში გადაიხდიან, ჯარიმის თანხას 20% აკლდება. როგორც ბოლო ორი წლის სტატისტიკიდან ჩანს, ამ შეღავათით დაჯარიმებულების დაახლოებით ნახევარი სარგებლობს.
ცნობისთვის, ვიდეოჯარიმა ვიდეოკამერების მეშვეობით გამოიწერება. 20%-იანი ფასდაკლება ჯარიმების 10 დღეში გადახდის შემთხვევაში, 2017 წლიდან აამოქმედეს, რათა ჯარიმების გადახდისთვის შეეწყოთ ხელი.

























