ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილში 8 სექტემბერს დაწყებულ სუპერ ტაიფუნს (ციკლონი) "იაგი" მინიმუმ 127 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 54 კი კვლავ დაკარგულად ითვლება - ამის შესახებ BBC ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით იტყობინება.
ტაიფუნი "იაგი" ვიეტნამის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შტორმია, რომელიც ქვეყანას ჩრდილოეთიდან დაატყდა დ 1.5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
ციკლონი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდება. ქარმა, რომლის სიჩქარეც 150 კმ/სთ-ს აღწევს, დააზიანა შენობები, ხიდები და საწარმოები, გამოიწვია მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა და მეწყერი.
წყალდიდობისა და მეწყერის საშიშროების გამო ვიეტნამის 18 პროვინციასა და 401 თემში საგანგებო გაფრთხილება უკვე გაცემულია.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, წყალდიდობამ და მეწყერმა 752 ადამიანი დააზიანა. ვიეტნამამდე კი "იაგი" ჩინეთს დაატტყდა თავს, სადაც 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ კლიმატის დათბობასთან ერთად, ტაიფუნის თანმდევი ქარი და წვიმა უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა "იაგის" შემთხვევაში კლიმატის ცვლილების გავლენა გამოკვლეული ჯერ სრულად არ არის.