ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღეს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თურნავას თქმით, მათი საერთო მიზანია, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ.
„საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, გვაქვს ერთიანი ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო განვითარების გეგმები. ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის.
გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელიც საბანკო სექტორში დაინერგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.