მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიმედოვნებ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მალე დატოვებენ იმ ადგილს, სადაც არიან - ბიზნესმენი

ზურაბ მარგველაშვილი

კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორი, ზურაბ მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ციხეს ძალიან მალე დატოვებენ.

„ძნელია, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის [დაკავების] ფაქტს მშვიდად უყურო... „თიბისი“ ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან და ვიმედოვნებ, ძალიან მალე დატოვებენ იმ ადგილს, სადაც ახლა არიან“, - თქვა ბიზნესმენმა

ზურაბ მარგველაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ისაუბრა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ შექმნილი თიბისი ჯგუფის მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესისთვის.

- მამუკა და ბადრი არიან იმ სათავეებთან, რასაც ჰქვია ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩამოყალიბება საქართველოში - ეს არის „თიბისი ბანკი“, თავისი შემდგომი განვითარების განშტოებებით, როგორებიცაა: „თიბისი ლიზინგი“, „თიბისი დაზღვევა“, „თიბისი კაპიტალი“. ეს ადამიანები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ფაქტობრივად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციების მომზიდველები იყვნენ. ისინი კარგად არიან ცნობილები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში, რომელთაც ჰქონდათ და აქვთ საქართველოსთან ურთიერთობა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი დადებითი არაა...

- როგორ შეიძლება აისახოს ეს ფაქტი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც ბიზნესმენების, ცნობადობიდან გამომდინარე...

- თქვენ ცნობადობა ბრძანეთ, მაგრამ ამის გარდა, არის რეპუტაცია, რომლის მეშვეობითაც მაღალი ნდობა იყო იმ ინვესტორების, რომლებიც ფიქრობდნენ და ფიქრობენ საქართველოში ფულის ინვესტირებაზე და „თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფინანსო ინსტიტუტი საქართველოში და ზოგადად, რეგიონში; ის სარგებლობს მაღალი რეპუტაციით და არის საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ქართული საქმიანი წრეების და არა მხოლოდ საქმიანი წრეების დიდ ნაწილს უწევდა, უწევს და მომავალშიც გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას; „თიბისი“ ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, ისინი [ბადრი და მამუკა] ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან და ვიმედოვნებ, ძალიან მალე დაბრუნდებიან და დატოვებენ იმ ადგილს, სადაც ახლა არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები