ქვეყანა, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობიდან“ (OGP) იქნა გამოყვანილი, მომავალში შეიძლება კვლავ შეუერთდეს მას, თუ ორგანიზაციაში დაშვების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ OGP წერს, რომლის წევრობაც საქართველოს შეუჩერეს.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კვლავ შეუერთდება "ღია მმართველობის პარტნიორობას" მაშინ, როდესაც პირობები გაუმჯობესდება, და კვლავ შემოიტანს ენერგიასა და ერთგულებას იმ მნიშვნელოვანი მიზნისკენ, რომ მთავრობა უკეთ მუშაობდეს ხალხისთვის”, - ამის შესახებ OGP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აიდან ეიაკუზემ განაცხადა.
ცნობისთვის, 2026 წლის 13 აპრილს „ღია მმართველობის პარტნიორობამ“ (OGP) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველო გამოეთიშა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას.
როგორც OGP-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განმარტებაშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა განხილვის პროცესს, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც მმართველმა კომიტეტმა საქართველოს მონაწილეობა დროებით შეაჩერა და მთავრობას მოუწოდა, გადაედგა გამოსასწორებელი ნაბიჯები იმ შეშფოთებების საპასუხოდ, რომლებიც ეხებოდა სამოქალაქო საზოგადაოებას, გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრების თავისუფლებას.
ამასთან, OGP აღნიშნავს, რომ 2026 წლის მარტის მდგომარეობით, მათ არ მიუღიათ არანაირი გეგმა საქართველოს მთავრობისგან და არ ყოფილა მათგან ოფიციალური კომუნიკაცია. მთავრობის სამუშაო გეგმის ან ანგარიშგების არარსებობის პირობებში, ორგანიზაციის კომიტეტი დაეყრდნო დამოუკიდებელი მესამე მხარის შეფასებებს, რომლებიც მიუთითებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობის წინააღმდეგ საკანონმდებლო და ინსტიტუციური შეზღუდვების გაგრძელებაზე, ასევე ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ მიმდინარე შეშფოთებებზე.
შედეგად, OGP-ის კომიტეტმა დაასკვნა, რომ ამ ორგანიზაციაში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის ხელშემწყობი გარემო საქართველოში აღარ არსებობს.
„ღია მმართველობის პარტნიორობა ეფუძნება პრინციპს, რომ მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას უნდა შეეძლოთ თანამშრომლობა ისეთ გარემოში, რომელიც იცავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ყოვლისმომცველი და სამართლიანი განხილვის პროცესის შემდეგ, დასკვნა იყო, რომ ეს პირობები ამჟამად საქართველოში არ არის დაკმაყოფილებული,“ - განაცხადა "ღია მმართველობის პარტნიორობის" აღმასრულებელმა დირექტორმა აიდან ეიაკუზემ, - „OGP აღიარებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და რეფორმატორების მნიშვნელოვან როლს საქართველოში ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაში, ხშირად რთულ პირობებში".




























