საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია საზოგადოებას ჰპირდება, რომ მაქსიმალურად იმუშავებს რიტეილ სექტორთან, რათა სამომხმარებლო პროდუქტებზე სტაბილური ფასი მინიმუმ წლის ბოლომდე შენარჩუნდეს. ივა ჭყონიამ „საქმიან დილაში“ საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარე წელთან დაკავშირებით მოლოდინები დადებითია, თუმცა ფასის ცვლილება ასევე დამოკიდებულია სუპერმარკეტებთან დადებულ ახალ კონტრაქტებზეც.
„2024 კარგად დავიწყეთ, კარგი სტარტი იყო, ინფლაცია არის 0%. მოლოდინები, რა თქმა უნდა, დადებითი გვაქვს, რადგან საწვავზე ფასის გაზრდა არ იგეგმება უახლოეს პერიოდში, ლარი საკმაოდ სტაბილურია, გამყარდა კიდეც, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასი საერთაშორისო ბაზარზე არ არის გაზრდილი, მაგრამ ყოველ წელს ხდება კონტრაქტების გადახედვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონტრაქტო პირობები კაბალურად არ იქნეს გაზრდილი, რადგან სხვა შემთხვევაში კომპანიები იძულებული იქნებიან ფასები გაზარდონ.
ჩვენ გვექნება რიტეილ სექტორთან აქტიური კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით, რომ მათაც არ მიიღონ გარკვეული ზიანი და საბოლოო მომხმარებელიც არ დაზარალდეს და სადისტრიბუციო კომპანიებსაც იძულებით არ მოუწიოთ ფასების გაზრდა. როგორც ასოციაცია, გპირდებით, რომ ვიმუშავეთ, რომ სტაბილური ფასები მინიმუმ წლის ბოლომდე მივიღოთ“, - აცხადებს ივა ჭყონია.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ყოფილა. დაბალი ინფლაციის განმაპირობებელი ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში - სურსათში ფასების 2.4%-იანი შემცირებაა.